ჟოლოსფერი სამკუთხედის ამბავი
საიდან მოდიან ფერები , ათასფერები?
თვალებს ვხუჭავ და... ბავშვობის ანი-ბანია!
სასკოლო ოთახს ავსებს ზუზუნა ბგერები,
მაგიდას უზის მასწავლებელი სანია.
ჟურნალს ჩაჰკირკიტებს და რიხიანად
იძახებს მოსწავლეს,
რომლის ტვინს მათემატიკისთვის არა სცალია…
- რამდენიაო ორჯერ შვიდი, ბიჭო მალხაზო?
საანგარიშო დაიხმარე, თვლა ადვილია!
ბიჭი კანკალით ითვლის კოჭებს,
ითვლის და ითვლის...
რაღაც ზედმეტი დაითვალა…
ყვირის სანია:
ხვალ თუ დედაშენს არ მოიყვან, გაგაგდებ გარეთ!
ანდა, კუთხეში დაგაყენებ მთელი დღე ფეხზე!
სულ ,,ლია-ლია“ სისხლს დაგადენ ცხვირიდან მწარედ!....
დასჯილი ბალღი სლუკუნებს მერხზე…
...მერე, უეცრად, გულმომბალი მასწავლებელი
ბავშვს ამუნათებს, თითქოს ოქროს ძაფს ეჭიდება:
შვილო, მე შენთვის გიბრაზდები, ჩემთვის რა მინდა,
შენ გაიზრდები, ეგ ტაბულა შენ დაგჭირდება!...
ჩემმა გონებამ აიტაცა უცხო ნათქვამი -
,,ლია-ლია სისხლი“ -
და წარმოსახვამ გაიოცა მისი მიღება...
ჩემი სახელი თვალთა მიღმა აშრიალდა და
ნელ-ნელა წითელ-ჟოლოსფერად გადაიღება...
მაშინ მეორე კლასში ვიყავი…
იდუმალ ვგრძნობდი ფერების ფეთქვას...
ცხადად ვხედავდი ჟოლოს სამკუთხედს -
ლ ი ა რომ ერქვა.
მაშინ სანია -ც დავინახე ... მისი სახელი..
ის კოცონიდან გამოქცეულ ცეცხლს წააგავდა...
ცეცხლს სამ-ენოვანს,
ბუმბერაზი, კეთილი გული
მრისხანედ, მაგრამ სიყვარულით რომ უფეთქავდა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი