ჩემს უსინათლო დედას


დარდით დავხუჭავ თვალებს, 
სიბნელეს შევებმები...
კითხვა მაწამებს მწარე - 
როგორ ცხოვრობენ ბრმები?
თვალხილულისთვის უცნობს -
ეულთა განცდას ვბედავ…
რა გასაჭირი ტანჯავს
ჩემს უსინათლო დედას...
მივეთბილები, ვუხმობ,
თავს ჩამოვადებ მხარზე,
ცრემლდამალული ვუთხრობ
ამბებს, მხიარულ ხმაზე:
გარეთ მნათობი ჰყვავის;
იფეთქა ყვავილნარმა;
აიკაპიწა ტანი
მისმა დარგულმა ბალმა;
რომ ყბაწითელა ტყემალს,
ყვავილი ფიფქად სცვივა;
რომ კარგადა ვართ ყველა...
სულ არაფერი გვტკივა...
უტყვი დარდების მდევარს,
ნუგეში უნდა დედას...
მისი თვალები მე ვარ, 
ჩემით   ყველაფერს ხედავს!
ჩემი კერა რომ მიხმობს,
ვემშვიდობები როცა,
გზას კოცონივით მითბობს
მისი მხურვალე ლოცვა!
დედის საყვარელ ხმაზე
ღელვა ნელდება ურჩი, 
და მიმსუბუქებს გზაზე
ბოღმის მდუღარე ხურჯინს!
...არ მოჰყოლია სოფლის
აუგს, წუწუნს და გმობას...
მისი სიბრმავე სჯობნის
ბევრის სულიერ ბრმობას!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი