გარდაცვლილ დედას
(როცა დასრულდა ათწლიანი უსინათლობა) დედი, მნათობის კართან მიხვედი, შეხსენ სამყაროს გრძედი, განედი, შემოითენე ქორფა სინედლით, მარცვალ-ხალასი სიკამკამეთი... ყურში ჩამესმის შენი ხმა, თბილი, ტანჯული, მაინც ცამდე კეთილი.. დედა -ბერმუხა, ტოტებ-ათლილი, ათი წლით ბნელში გამოკეტილი... როგორ დაეხსენ, მე ვიცი ერთმა, ბოროტ ლაბირინთს განსაცდელების, ამაოებამ, ჟამით ნათეთქვმა, ვერ დაგისვარა თეთრი ხელები.... მსხვერპლ-წართმეული ეშმა ღრიალებს, ნირ-წახდენილი შურით ღრიჭინებს... შენ კი…დაუსხლტი მსახვრალ-ტიალებს, გადარჩი, მადლი შემოირჩინე! დასრულდა ბნელი, მზემ გადაფერა... უცქერ სამოთხის ბაღებს ხილიანს... მიდი, მომართე ფრთები საფრენად, ახლა ოთხივე გზაი ხსნილია! 26. 04. 2019 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი