მამაჩემი
დამესიზმრე, მამაჩემო, მიღიმოდი შორიდან და ბავშვობის სიხარული ჩემთან ახლოს მოვიდა... მითხარ: შვილო, სიტყვის ძალას, სიტყვის მადლს რომ აქუჩებ, რა იქნება, დალოცვილო, ერთ ლექსს მეც თუ მაჩუქებ? მერე თავი დამიქნიე, კარი შეხსენ ღრუბლების... და დაგვტოვე მე და დილა ერთმანეთზე უბრები! რა დრო იყო, მამაჩემო, ჩვენი ერთად ყოფნიდან: ცოტა რამე გიხაროდა, ცოტა რამე გყოფნიდა! ალიონზე, როცა ბალახს ვერცხლა-ცვარი ეყარა, მხიარულად ღიღინებდი ,,ყვავილების ქვეყანა“-ს. მახსოვს შენი გამოხედვა, თბილი, უსაყვედურო, როცა მითხარ; არასოდეს უფალს არ დაემდურო! ეს ცხოვრება კიბეა და ჩავდივართ და ავდივართ, რაში გვარგებს ფუფუნება, კაცად თუ არ ვვარგივართ! მამი, შენთვის მომიძღვნია რითმების ალუბლები! ამქვეყნიდან იმქვეყანას ლექსად გესაუბრები. მზე ხარ ჩემი გულ-სარკმელის, ყოველ დღე რომ თენდები... რომ იცოდე, მაქედანაც როგორ მეიმედები! შენი ჩრდილი დაფოფინებს ჩემი სიყრმის ეზო-კარს... ისევ აქ ხარ, მშობლის სიტკბო რადგან შემომეზოგა! ისევ ვხედავ ცვარს ბალახზე... როგორც მაშინ ეყარა... კვლავ ღიღინებ ძველებურად- ,,ყვავილების ქვეყანა"!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი