მშობლის წერილი
დილაა შენთან, გონებით გხედავ, გიხდება ლურჯი, ახალი ზედა.. აწონებ სარკეს ქოჩორს და სახეს.. წიგნით ასუქებ დიდ ჩანთას, სამხრეს... ჩაირბენ კიბეს... გახვალ ქუჩაში, (მოედანს რეცხავს ფოლადის რაში) მერე...შენებურ, ქართული გზნებით მაღალ შენობას შეეხიზნები... მე მოედანზე ვრჩები ნიავად... წარმოსახვები ფრაგმენტებად რომ აფრიალა... მოთვალთვალე ვარ.... უთოვლო, თბილი ზამთრის ასფალტი მიწვევს ცქრიალა... და მწვანე ტბისკენ ბილიკებს ვირჩევ... ძველი ფოთლებით მოფენილა კორდი ნარნარი... დუმფარებს შორის, ყვავილებს შორის ქათქათებს წყალი, დგაფუნებს შხეფი მოლიცლიცე თევზების ვნებით... აქვეა ბორდო ხავერდის მთები და შთაგონება, ხელოვანთა სულის მხმეველი... სილამაზეა მდუმარე და აუწერელი... ერთხელ მითხარი: რომ მაგ ბუნებას რაღაც აკლია...რაღაც აკლია... გულმა მოგიგო დედის პასუხი: რომ, შენი ღმერთის მადლი აკლია! ვბრუნდები, ღამის სანათურს ვინთებ... სამია ჩვენთან... ჩაბნელებულ ფარდებ-შორისში ვარსკვლავი ითბობს გათოშილ თითებს... ლოცვით გიგზავნი უფლის წყალობას... ახლა ლოგინში რა გამაჩერებს... სიფხიზლით მავსებს მშობლიური სოლიდარობა. დილაა შენთან, დილის შვიდია, უღიმი უცხო იეროგლიფებს, და ეგ გონება ახალ სამყაროს ედიდგულება, როგორც სიზიფე... აქ კი, სამია, ოთხის თხუთმეტი, ჩემთვის დილაა, რახანია ძილი გავლალე... რადგანაც ერთად გაიღვიძა დედა-შვილობამ... დედამიწის სხვადასხვა მხარეს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი