ბედი შენს ხელშია


დიახ,  ეს ცხოვრება - ჭიდილია,
ხშირად...ერთმანეთის არგატანა,
მაგრამ, სად დაეძებ იდილიას,
ვინ ხარ, სამოთხეში ცხოვრობ განა?
შეხე, ამა  სოფლის სიგრძე-კიფო
ისეც მრუდეა და ერთი ციდა...
კვნესა   წამალი რომ ყოფილიყო,
განა  კაცთაგანი  დაგაცლიდა?
ბედი მუდამ როდი იღიმება,
(როცა იღიმება - გაოცდები),
აჰა, ბუნება და მისი  ნება - 
ყოველ ნაბიჯზეა გამოცდები...
ხორცით დაბადებულ ადამიანს
სულის უღმერთობა გააშავებს,
ფიქრობს,  ყველაფერში მართალია,
მასთან სამყაროა დამნაშავე! 
სული მაცდურთან თუ გაიპარა,
ყოველ კუთხეშია კაკანათი!
მხოლოდ სათნოება  დაგვიფარავს
და სხვა არ გამოვა აქ კამათი!
კარი - იღბლისათვის ჩარაზული,
როდი გაღებულა თავის მირტყმით,
 რამდენ აღმაფრენას  ფარავს გული...
ისიც გაიხსნება ტკბილი სიტყვით! 
ხოდა , ნუ წუწუნებ მეგობარო,
ხვნეშა - მყიფეა და ხეშეშია!
ცრემლი   გამჩენს უნდა მიაბარო,
რადგან ბედ-იღბალი  შენს ხელშია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი