სული მოუხმობს მდუმარე სალოსს
ნათლით მოსილო და განბრძნობილო, სიტყვას როდის უნდა ეძმობილო... ვინძლო, აგვარიდო განსაცდელი, რაშიც გახვეულა ჩვენი ერი! შეგვძრა ქარიშხლებზე გადაგებამ... უფლის ქადა გვინდა, ქადაგება! გამო, გამოაღე ზეცის კარი, თვალში გაიჩაღე ცეცხლის კვარი, ზარი.... დედოზარი შემოჰკარი, დაძარ ანგელოსთა ზღვა-ლაშქარი. გამო, გასაჭირით გამოცდილო, გამო, უძილობით ძალ-მოსილო! გვიჭირს ლოდინი და დახანება; მოგვეც დაკარგული სახარება! უფლის ქადა გვინდა - ქადაგება, ბაგით გადმოღვრილი ბადაგებად!... ცოდვამ ბევრი სული გადათელა, მწარედ იცრემლება ცისარტყელა! და რაც მადლი იყო, თვალნათელა, ბნელში იძირება ნელა-ნელა! გამო, გასაჭირით გამოცდილო, გამო, უძილობით ძალ-მოსილო! ახლა მეოხება გულით გვინდა! გამო, შეგვაწიე სულიწმინდა! თხოვნა-შეძახილი მეორდება: მთელი საქართველო გელოდება! გამო, რჩეულო და გამოცდილო, გამო, უძილობით ძალ-მოსილო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი