შემოდგომის სულები
როგორც ვენახი, ქარვისთვალა, დამწიფდა სული, ათასმა ქარმა მიიძინა ფოთოლქვეშ წლების და შემოდგომის მზენაჭრელებ ფერში გასული ნაყოფი ზეობს - გარდასულის არდავიწყების... გრძნობათა ჩანგზე დაჭიმული მოეშვა სიმი, იყუჩა ვნებამ და გონება დადგა სცენაზე... ფიქრის შემჩნევა გაადვილდა, თვალში ვისიმე და მარცვალ-მარცვალ ამოკითხვა ცხებულ ენაზე... და მწიფე თვალი... ფერნაცვალი ღვთიურ პალიტრით, ანკარა წყალში - სათნოების თაფლა თევზებით, მიმტევებელ და თავაზიან მზერით დაითვლის მზენაკლულ მზერებს, დაუწმენდავ გულის ფესვების. მაინც.. . რა არის სულისათვის ეს შემოდგომა, ემოციათა შადრევანის - კვართით შემოსვა... კრავში ანთებულ ლომ-სიფხიზლის ცერზე შედგომა და დაღვინების სიდიადის დინჯი შემოსვლა. უხილავ ოსტატს - უშურველად რომ აზიარებს ცრემლის და ღიმის საოკებელ ცოდნას მოგვების - დაედევნება თვალხილული, თავგზა-მზიანი და სასოებით შეუძახებს: აქ ვარ, მოგყვები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი