რაა სიყვარული


იცი, სიყვარული - პურია,
გვზრდის და გამჩენივით  გვინახავს,
შენი სიხარული მწყურია,
როცა გეუბნები - მიყვარხარ!

ვითვლი უნაყოფო დღეებად, 
რასაც უთქმელობით ვმალავდი,
მინდა შენი სულის შენება,
როცა გეუბნები - გალაღდი!

თქმული ფიანდაზად გეგება,
გულით ნაფერები ვინცა ხარ,
იცი, ლოცვასავით გერგება, 
როცა გეუბნები - მიყვარხარ!

მზერა ბატკანივით წყნარია,
როცა მზეებისთვის მზა არი,
იცი? სიყვარული - კარია,
იცი? სიყვარული - გზა არი!

ხმაა სალამურის სადარი,
უხმობს სამეგობროდ წიქარებს,
ელავს ერთგულების ღადარი,
როცა გეუბნები - იხარე!

ის, რაც გამჩენივით  გვინახავს,
გრძნობის უხილავი პურია,
ხოდა, გეუბნები - მიყვარხარ,
შენი სიდიადე მწყურია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი