დედათვე მარტი


მობრძანდა მარტი, 
	თვალმზიანი, 
		თვალნამიანი. 
გადმოიარა ყინვიანი მაღალი მთები. 
	შიშველი ფეხით, 
		მუხლამდე კაბით, 
			წაბლისფერ თმებით  
შემოაღო იანაქარგი ჩუქურთმა -კარი
გაზაფხულისა…
შეისხა მხრებზე ნაზამთრალი ბეღურის გუნდი,
აიღო ხელში თოვლის ერთი პატარა გუნდა 
   და  იმ ხელიდან, 
		იმ ჯადოსნურ, 
			ქალურ ხელიდან 
გადმოიქუხეს გაზაფხულის ნაკადულებმა…
მობრძანდა მარტი 
	მღელვარებით გულანთებული,
ახალ სიცოცხლის, იდეების და 
შთაგონების პირველმშობელი. 
მარტი - დედათვე, 
	მარტი - საწყისი ყვავილ-კვირტების, 
ლექსებ-სიმღერის აყვავილების, აღზევებისა.
რევოლუციურ ბუნებას მისას, 
სავსეს ამბოხით და ბრძოლის ჟინით, 
ვერ აღუდგება ბოროტი ნება ვერანაირი
მკაცრი ზამთრისა…
მარტი ხიდია - 
გაზაფხულის შემდგომ თვეთათვის, 
ზამთრის სუსხიდან გადებული გაზაფხულამდე,
	რათა აპრილმა, 
		ნაზმა მაისმა 
გაყინულ მიწას არ დაადგან კეკლუცი ფეხი…
	მაშ, ვესალმები 
		მარტს  დედათვეს, 
			მარტს  თავგანწირულს, 
მარტს,  ცივ ომებში გამარჯვებულს 
ქალური ხიბლით. 
	მარტია, მარტი ,
		საფუძველი ახალი გზნების და
			სიყვარულის დედოფალი…
მარტია,  მარტი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი