მირკანი, ჩემი ნაწილი


ყოველ დილით გაიშლება
სხივთა კონა - 
ყვავილების ბადესავით.
ყოველ დილით წვეთ-წვეთობით 
ემატება ტყეებს მწვანე საღებავი.
ყინვა გადაკარგულა და
თებერვალის სუსხი ჩამდგარა,
ნიავით მოპარულა,
მთა-გორებზე გადმოსულა,
მარტი დამდგარა.
ყოვლის შემქმნელს მარტისათვის
ქალის ზნე რომ მიუცია,
უჩვეულო საქმისათვის მოუცლია;
გადაგვრია, ხან მზეა და ხან წვიმაა,
არეული ზეცის მერე სხივი როა,
ეს ქალური დაცინვაა.
შემთბარ მიწას სურნელება
რომ აუვა,
მარტი მაშინ თმას ივარცხნის,
როცა წვიმა დააყენებს
ვერცხლის გუბეს,
ტირის ქალი, გადაავსო
ცრემლით ვარცლი.
გული ყელში ებჯინება,
ვერ ისვენებს, უყვარს მრავალფეროვნება,
გარეშემო ყველას რეტს და
თავბრუს ახვევს,
კოცონი რომ ჩაუქრება,
ბრაზდება და აპრილს კაბის
კალთას ახევს.
ყოვლის შემქმნელს მარტისათვის
ქალის ზნე რომ მიუცია,
მართალია, უჩვეულო
საქმისათვის მოუცლია,
მაგრამ მაინც მშვენიერი
სიმფონია გამოსვლია.
მარტის სულში 
არფას სიმი წკრიალებს,
მარტის სულში დარიანაც მზიანობს
და ქარიანაც ტრიალებს.
იგი მუდამ მარტო არის,
მაგრამ ნაღველს ეუბნება - სდექო!
ვის გაუმხელს თავის დარდებს,
არ ჰყავს ალტერ ეგო!
პაწაწინა ვარამიც კი დახანჯლავს და
ძლიერ გაამწარებს,
ამიტომაც ეფერეთ და
გაუფრთხილდით, 
დაუყვავეთ
მარტებსა და ქალებს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი