ნაწილი მთელი წრიული..


.

გულხილულ გაზაფხულიდან 
გიცან სიმწვანედ მოსულო,
თვალდაუდგმელო არსებავ,
უხილავ განძით მორთულო.
ჩემო ფერო და არფერო,
ნაწილო, მთელო, წრიულო,
ღმერთივით უნდა მჯეროდე,
ლექსებად გაგაღვთიურო...
მივლი, მპატრონობ სიყრმიდან,
მინდობ და დამემტერები,
მელანსიტყვებად იქცევი
და შუბლზე დამეწერები...
მანახებ ფერად სამყაროს,
მამოგზაურებ ნათლითა
და ჩემს უცნაურ არსებას 
აავსებ ცოდვა-მადლითა.
სხვაგვარად ბრმა ვარ,
მოკვდავი,
უდარდო გარდაცვალებით,
აბა, რად მინდა სიცოცხლე
გულდახუჭული
თვალებით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი