წუთის სიცოცხლე


ო, ნიავო, შეაჩერე სუნთქვა წამით,
ხელზე მიზის პაწაწინა საპნის ბუშტი.
არ შეეხო, არ შეაკრთო ტურფა ნამი.
მთელ სამყაროს როგორ იტევს ერთი მუშტი!
აიქოჩრა იისფერი ზღვის ტალღები
და შიგ თეთრი ნიჟარები ცურაობენ.
აი, ხედავ? მეც არ ვსუნთქავ, მეშინია,
არ დამექცეს სიფრიფანა ფერთა ღობე.
სილურჯეში ირევიან ფენა-ფენა
სარკეები, ვარდისფერი სარკეები.
ზღვასთან, აგერ, კაცი არის ბადიანი,
მეთევზეა, პერანგზე აქვს ნაკერები…
თევზებს იჭერს ფიროსმანის ნაფერები,
ო, ნიავო, ნუ იქროლებ, გევედრები!
მზემ გაათბო, აანთო და გააცინა,
ხელზე მიზის საპნის ბუშტი პაწაწინა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი