სიფხიზლეს ვერევი


სიფხიზლეს ვერევი, მაგრამ მერევა:
სინანული და ფიქრები შენზე.
სკამს ვიდგამ ჭაღთან … ფეხი მერევა
ჩნდება ლაქები გაჭვარტლულ ჭერზე.

ძალა არ მაქვს რომ ფეხი შემოვდგა
ვჯდები, ვიცინი და გნატრობ ცრემლით.
ჩემი გრძნობები გულში შეხორცდა
და მეც ამიტომ საშველს არ ველი.

ცრიან წვიმები ქვებივით წვეთებს
შრიალებს ქარი ტყეთა კალთაში.
შენზე ვუყვები კვერთხიან ღმერთებს,
სანამ წერისთვის რვეულს გადავშლი.

მერე გადავხევ…მერე ვინანებ…
და კვლავ დაგიწერ ათასგვარ ბოდვას.
გთხოვ შენ, რომ წასვლას ნუღარ ინანებ
და ნურც ჩაითქვამ სურვილად მოსვლას.

მორჩა წამება შენიც და ჩემიც,
ღამე ინახავს მხოლოდ ტკივილებს.
ინახავს ამბავს ჭაღი და ჭერი
სანამ ქალაქი გადაივიწყებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი