კვლავ მეორდება


კვლავ მეორდება ყველაფერი, აბა შეხედე,
ისტორიები მსგავსი აზრის და ტრაგიკული.
ნეტავ სხვაგვარად დასრულებას თავად შეძლებდე,
იქნებ შენ არ ხარ სხვების მსგავსი და გარიყული.

ზღვისპირას ჯდომით გადაიწვა შენი სხეული
შენ ხედავ წყვილები შემომსხდარან ხის ჭრელ ნავებზე.
ნუთუ ხალხშიც კი მართლა ასე შენ ხარ ეული,
ნუთუ გამოჩნდა შენს ქცევებში ცეზარე პავეზე.

ნუთუ ცხენები გაპარულან, ლურჯა ცხენები
და გალაკტიონს გადარებენ რადგან თავს იკლავ.
ნუთუ გაღვივდა შენს თვალებში ძველი წყენები
ნაცვლად იმის რომ დაივიწყო, მხოლოდ გარს იკრავ.

ნუთუ არ ახსოვთ, დაივიწყეს ვულფი და პლათი, 
ნუთუ ცვაიგი დრომ წაიღო, სექსტონი მოკვდა.
ნუთუ ვერ ხედავ რომ შენს სახელს თავადვე კლავდი
და რომ სიკვდილთან დამარცხებით სიცოცხლე მორჩა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი