დიაგნოზი


სისხლჩაქცევები ხელებზე და თვალის გარსებზე
გული მიფეთქავს ისე თითქოს შიშმა დამიფრთხო.
მოუკლებელი აბები სჩანს შფოთვის წამლებზე
რადგან ამბოხმა ბნელი სულის ვეღარ გამიძლო.

რაში მარგია ფინლეფსინი, გლიცინის დასტა?!
ამ რეცეპტების გამართლებაც არაფრით მოსჩანს.
სიგიჟე ჩემი ყველა საზღვარს საწყისში გასცდა,
აბა მითხარი რაღად უნდა წამალი მოკვდავს?!

დავიზეპირე დერეფნები, სუნი წამლების,
დავიზეპირე კედლის ფერი ყველა პალატის...
აღარ სრულდება ეპიზოდი ჩემი წამების,
რადგან წამლები ვერ მივსებენ სულის დანაკლისს.

-არ ინკურნება ბატონებო ჩემი ტკივილი!
ახვევს ექიმი ჩუმი შფოთვით მოყვითლო ქაღალდს.
წარბებს ხრის ისე, რომ ვერ ხვდება რაზედ ვიცინი
და მეუბნება, რომ მე ისევ მძიმედ ვარ ავად.

"გულზე ლაქები და ნერვოზი" მქონია თურმე,
მიწერს ათასგვარ სისულელეს, არც კი დავხედავ.
არ გავუმხილე, რომ ტკივილებს სასმელში ვურევ...
ხომ მაინც ვიცი, რომ მე სიკვდილს ჯერ ვერ გავბედავ.

ან ღმერთმა იცის, თუ რას ნიშნავს ლაქები გულზე,
მაგრამ ვიცი, რომ ტკივილები გულიდან მოდის.
მირჩევენ იმას, არ ვიფიქრო არასდროს ცუდზე,
მაგრამ ვერ ვხვდები რა აზრი აქვს კარგ დღეზე ლოდინს.

ჰოდა მივდივარ რომ მოშორდეს თვალები ხალათს,
რადგან ყელშია მათი მზერა, ჭკუის სწავლება.
მათ არ იციან დიაგნოზი, აზრი აქვს კამათს?
მაგრამ ხვალ თუ ზეგ ასთორმეტში ისევ დავრეკავ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი