გადამალულ სიმართლეს დაემგვანა ფიქრები


გადამალულ სიმართლეს დაემგვანა ფიქრები,
ზეცა არის მინის და ისევ თავზე მემსხვრევა...
იმედი და ოცნება იმ ხიდიდან გადახტა,
ალბათ მეც გადავხტები, როცა ძალა მექნება.

რისი ძალა? სიკვდილის! არ გეგონოს მარტივი.
ის რომ ასე რთულია, შენ მაგიტომ გაშინებს.
აბა პოეტს რას ეტყვი, რითი უნდა დასაჯო?
სიკვდილზე ჩვენ ფიქრები - ძალას გვაძლევს, გვაცინებს.

-ვიცი, სისულელეა შენზე წერა ისევ და...
მაგიტომაც სიკვდილი დავიჩემე უაზროდ.
“მე თუ ღმერთი მიმიღებს, როცა მასთან მოვხვდები,
დავსხდებით და მასაც კი - შენზე უნდა ვუამბო“.

ვიცი, მჯერა, მომისმენს, მაგრამ არ შემიბრალებს,
რადგან ასე ძლიერად შეგიყვარე - მასსავით.
ვიცი, ბევრჯერ შევცოდე, საყვედურსაც ავიტან,
იქაც რომ მივედი და ისევ რომ ვარ ნასვამი.

მაგრამ თუ შეეგუე, რომ მე ისევ მახსოვხარ, 
მაშინ მინდა იცოდე, ეს სულ ასე იქნება.
რადგან ასე მჯერა და ვიცი, რომ ვარ მართალი.
“ჩემი ყველა ოცნება მაგ თვალებით იწყება!“

ლიზი გიორგაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი