"ნეტარი წვნიანი"


ახლა ეზოში მდგარ, უცნაურ, ხით ნაქსოვ სავარძელზე ვნებივრობ და მზეს ვეფიცხები. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბავშვობა გამახსენდა. აი, ძალიან ღრმა ბავშვობა, როცა გრძელი, ღია ქერა თმა მქონდა და გულუბრყვილობით სავსე გული.
მახსოვს, ერთ დღეს ძალიან მშიერმა გავიღვიძე. ჭამა არასდროს მყვარებია, მაგრამ იმ დღეს უცნაურად მომინდა წვნიანი მეჭამა. დედას ვკითხე:
— საჭმელი რა გვაქვს?
მან მიპასუხა:
— არაფერი. მამა მალე მოვა და მოიტანს.
ცოტა გული დამწყდა. კი, ხშირად ყოფილა ისეთი მომენტები, როცა პურის ნატეხები გვითხოვია ნათესავისთვის — აი, იმისთვის, ჩვენს დაბლა, პირველ სართულზე რომ ცხოვრობდა. მაგრამ ახლა განსაკუთრებულად მეწყინა და უსამართლობა მამძიმებდა.
დრო რომ გამეყვანა, ვუყურებდი, როგორ ალაგებდა დედა სახლს. იატაკის ჯოხს უხეშად უსვამდა, ჭერზე აბლაბუდებს ხსნიდა და გადასაფარებელს ასწორებდა, მე კი უკან დავყვებოდი და ხშირ-ხშირად ვეკითხებოდი:
— მამა მალე მოვა?
ის მპასუხობდა:
— კი, დედა, ცოტაც და მოიტანს საჭმელს.
ვხედავდი დედაჩემის თვალებში საშინელ წუხილს. ხშირად მინახავს გულჩამწყდარი დედა, მაგრამ ასეთი — არასდროს.
დროის გასაყვანად პარკში ჩავედი სათამაშოდ. იქ ბევრი მეგობარი მყავდა, თუმცა ყველას ზიზღის თვალით ვუყურებდი — როგორი გამძღარი იყო ყველა! მე კი მშიერი კუჭით კარგად სირბილიც არ შემეძლო.
ბავშვებთან თამაშმა დიდი დრო წაიღო და ცოტა ხნით შიმშილიც დამავიწყდა. მეგონა, მამა უკვე მოსული იქნებოდა. შუადღისას სწრაფად ავირბინე კიბეები იმ იმედით, რომ ნანატრ წვნიანს დავაგემოვნებდი. ისიც კი ვიფიქრე: „ორ ჯამს დავიდგამ ერთად და ისე შევჭამ!“
მაგრამ როცა კარი შევაღე, დედის უიმედო მზერა შემეფეთა. მაშინვე მივხვდი, რომ მამა კიდევ დიდხანს არ მოვიდოდა და ოთახში შევედი. არ ვიცი, რაზე ვფიქრობდი... ალბათ, იმედგაცრუებული ვიქნებოდი საკუთარი უიღბლობით.
მოსაღამოვდა. მამა არ ჩანდა, მე კი საშინლად მტკიოდა მუცელი. უკვე აღარც მერიდებოდა კითხვა და გამუდმებით ვუმეორებდი დედას:
— მამა მალე მოვა?
დედა დუმდა. ვხედავდი, უკვე ბრაზდებოდა კიდეც.
იმ დღიდან ბევრი აღარაფერი მახსოვს. მხოლოდ ის, რომ ღამით, ძილის წინ ავტირდი. ბოლომდე მჯეროდა რომ მამა იმ დღეს მოვიდოდა და საჭმელს მომიტანდა. მაგრამ როცა გავაცნობიერე, რომ მთელი დღე შიმშილისთვის გამწირეს, ბავშვურად მეტკინა გული.
დედამ საწოლში ჩამაწვინა და მითხრა:
— დაიძინე, ხვალ აუცილებლად შეჭამ წვნიანს. მამა უკვე გზაშია.
მე უკვე აღარ მჯეროდა და უფრო მეტად ავტირდი. მამაზეც ავიცრუე გული და ისიც კი გავიფიქრე: „აღარასდროს მოვა...“
ალბათ მალევე ჩამეძინა.
მეორე დილა გათენდა. გულნატკენმა გავიღვიძე, თვალებს ვიშმუშნიდი და თავს ვიფხიზლებდი სანამ სამზარეულომდე მივიდოდი. ისევ იმ იმედით, რომ უბრალო ბრინჯით გაკეთებული წვნიანი  დამხვდებოდა.
გზაში ყველა საზარელი სცენარი წარმოვიდგინე.
სამზარეულოს რომ მივუახლოვდი, სურნელი ვიგრძენი. აი, ის სურნელება, გუშინ მთელი დღე რომ ველოდებოდი და ჩემი ტირილის მიზეზი გახდა.
შევედი თუ არა, მაშინვე ქვაბთან მივვარდი და ძალიან, ძალიან ძლიერად შევისუნთქე საყვარელი არომატი. დედას თვალებში უკვე იმედიც ჩანდა და სიხარულიც. მახსოვს, მხრებზე მომეხვია და გამათბო.
მამა გვერდით, პატარა ოთახში იჯდა და სიგარეტს აბოლებდა. რომ დავინახე, მივვარდი და გადავეხვიე. უცებ დამავიწყდა ყველა წყენა.
...ახლა უკვე დიდი ვარ. დღესაც თვალების შმუშნით გამოვდივარ ოთახიდან და სამზარეულოსკენ მივაბიჯებ.
ახლა მაცივარი სავსეა. ხანდახან წვნიანის სურნელიც დგას ხოლმე, მაგრამ ისეთი არ აქვს, როგორიც მიყვარდა.
ჩემს ახლანდელ რეალობასთან მთავარი განსხვავება ის არის, რომ სამზარეულოში დედა აღარ მხვდება იმედიანი თვალებით. აღარ მომეხვევა მხრებზე და თავს დაცულად აღარ მაგრძნობინებს.
მამა კი გვერდით ოთახში სიგარეტს აღარ აბოლებს, და ვეღარც მე გავქანდები ჩასახუტებლად.
ხანდახან ვფიქრობ, ადამიანი განწირულია ღრმა ნაიარევებისთვის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

❤️❤️❤️

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი