უსათაუროდ


სანაგვეზე მოსროლილი სიყვარულის მჯერა. მჯერა წმინდად ჩადენილი ტყუილის. მაოცებს ადამიანთა რასის ხელმოცარულობა და ცხოველების წარმატება, რომლებიც ეგუებიან, რომ ველურები არიან.
ვგრძნობ სამყაროს სიმძიმეს, ზიზღით გადავსებულს, და ვხედავ, როგორ მოედინება სტიქსის დაუსრულებელი მდინარე დედამიწაზე. სულით ხორცამდე შევისისხლხორცე მოლოდინი უიმედობისა და ღალატის.
მესმის ქუჩის მიყუჩებულში ვერცხლის ფულის ჩხრიალი. განებივრებული ვარ ადამიანთა ყურადღებით, და თუ ვერ ვგრძნობ – ვიზიზღებ მათ.
სიცილის მოსმენა მიყვარს, აი, წრფელი, ნამდვილი სიცილის, გულზე რომ სასიამოვნოდ გხვდება და არ იცი, რატომ გაბედნიერებს.
ლოთი კაცის დარდი მხიბლავს, არყის ბოთლით რომ ბნელ, ნამიან ქუჩას მიუყვება და ის ხალხი მძაგს, გვერდს რომ ზიზღით აუვლის.
მეცოდებიან წარუმატებელი დიქტატორები, მხოლოდ რამდენიმე კაცის დამორჩილება რომ შეძლეს. აი, ისეთები – ცოლებს რომ დიასახლისებად ამწესებენ და შვილებსაც თავისნაირ ნაბიჭვრებად ზრდიან.
ნარკომანი კაცი მეზიზღება, წამლის გამო ოჯახს რომ გაჰყიდის და უმალვე გაჰქანდება ვენაში ნემსის გასათხრელად.
მეჯავრება ეგოისტი ინდივიდები, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი ბედნიერება ახარებთ და სხვა დანარჩენს აზრი არ აქვს მათთვის.
სამყაროს ამაოება მაშინებს. მაშინებს წარმავალობა ცხოვრებისა და ჩემი სახელის მივიწყების.
სიკვდილს ვეთაყვანები, თუმცა ქედს არ ვიხრი. პირიქით – ვცდილობ, ქედმაღლურად შევხედო, იმის მიუხედავად, რომ ესოდენ შთამბეჭდავი იდეაა ნაქსოვი მასში და არავინ იცის, რამხელა სიკეთე შეიძლება იმალებოდეს თავად სიკვდილშიც.
ქალს ვაღმერთებ – უბრალოებითა და ლამაზი სულით.
შევსებულ მკერდზე ნაზად შეხება მიყვარს, ბაგეზე სველი კოცნა, თაფლისფერ თვალებში ჩაკარგვა და შიგ უსასრულო ძრომიალი. შორიდან ცქერაც მხიბლავს.
და კიდევ – სიყვარულისგან დაღლილს ძვირფასი ქალის მიხუტება მიყვარს.
სიწმინდეს ვეძებ, თუმცა, ალბათ, ყველაზე დიდი უწმინდური მე ვარ და თვითონვე ჩავიკეტე საიქიოს კარი.
მამშვიდებს მშვენიერი თითებით დაკრული როიალის ხმა. მატკბობს სასიამოვნოდ ნამღერი არია.
გულს მიკლავს მარტოობისგან მოძვებული ხის სახლის დანახვა, მთებში, ხეებს შუა რომ დგას და დიდი ხანია, საბუხრიდან კვამლი არ ამოსულა.
ჭაობის ცქერა და ამ ცქერის დროს მისი ცხოვრებასთან შედარება ვიცი ხოლმე.
გული მერევა ამპარტავნებაზე. საზიზღარია ქედმაღალი ადამიანი და თავად ამპარტავნებაა ყველა ცოდვის დასაბამი.
მებრალება პატარა ლეკვი, ზამთარში ხის სკამს შეფარებული რომაა, თუმცა რატომღაც არასდროს მდომებია სახლში წამეყვანა.
მაოგნებს ბახი თავისი ბრუტალურობით, შოპენი – თავისი ესთეტიკით, და ყანჩელი – თავისი შეუდარებლობით.
ქართული ცეკვის ყურება მიყვარს – პარტნიორები კეკლუცად რომ უმზერენ ერთმანეთს და შეხება არცერთს არ შეუძლია.
მომწონს არშიყობა საუცხოო გოგონებთან, რომელთაც იმ დღის შემდეგ საერთოდ აღარ შევხვდები.
და... ჩემი სიყვარულიც მიყვარს – უიმედობისთვის განწირული.
საბოლოოდ კი სამყარო შესანიშნავია – ბევრი მხიარულობით, ცოტა სევდით, ცოტაც ზიზღით, სიყვარულით, და რაც მთავარია – ბევრი ეროტიკით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი