"უცნობის შესაცნობად"
მეზიზღებიო მითხრა და კარი მოიჯახუნა. არ ვიცი, სად წავიდა. დამტოვა, და იმედიც თან წაიყოლა. როგორ გამწირა... ან იქნებ მე ვაიძულე?! ახლა სარკეს ვუცქერ და უცნობ ჩრდილს ვხედავ. უშედეგოდ ვცდილობ სილუეტის ამოცნობას — მე მხოლოდ ვგრძნობ მის ყოფნას. როგორ უსუსურად მარტოსულია... შორიდანაც მიხვდები, რომ ყველა სიწმინდე თვითონვე მოკლა საკუთარ თავში. ანდაც ვცდები — იქნებ სხვებმა გაწირეს? თუმცა, არა მგონია. ალბათ საკუთარ უმწეობას სხვებს აბრალის. ალბათ ცდილობს, თავისი წარუმატებლობა ადამიანთა რასას დააბრალოს, და ალბათ თვითონვეა ნათელი მაგალითი ამ რასის სისაზიზღრისა. ვგრძნობ, როგორ მისტირის წარსულს... იქნებ არც მისტირის და თავს აჩვენებს? როგორი ნაცრისფერია... მკვდარს მოგაგონებს, ანდაც შეიძლება უკვე მკვდარია. ოდნავ მივუახლოვდი. მეგონა, კარგად დავინახავ მეთქი — თუმცა უფრო გამიჭირდა. ამ სიღრმეებში ქაოსია... ქაოსი და საშინელი სევდა. ისეთი მძიმე, ისეთი უცნაურია ეს ყველაფერი... მაგრამ რაც უფრო შორს მივაბიჯებ უცნობის შესაცნობად, მით უფრო მეტად მიზიდავს ეს ყველაფერი. მინდა, სარკეს მოვცილდე, თუმცა არ შემიძლია. ოდნავ მივუახლოვდი — კიდევ უფრო დავიკარგე. აქ არაფერია, მხოლოდ სიბნელე. უკუნითი სიბნელე და პატარა, ფუჭი იმედი, კუთხეში სოცადავად მიგდებული. რაც მეტად ვცდილობ უცნობის გამოაშკარავებას, მით უფრო მეტად ვუახლოვდები უფსკრულს. მინდა, თავი დავაღწიო სილუეტის ტყვეობას, მაგრამ ისე მხიბლავს ყოველივე ეს, რომ შეუძლებელია. ცდუნებამ მძლია. სარკეს ცხოველივით მივვარდი და დავუყვირე: „ვერ დამემალები!“ უცებ... „მეზიზღებიო“ მითხრა და კარი მოიჯახუნა. არ ვიცი, სად წავიდა. დამტოვა და იმედიც თან წაიყოლა. როგორ გამწირა... ან იქნებ მე ვაიძულე?!.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი