კარმენის სახის ინტერპრეტაციისთვის
მას, თითქოს, მხოლოდ მეძავნი ჰგვანან, - სწორედ ამიტომ, ვერ მივხვდი ამას: რატომ ეტრფოდა მთელი ქვეყანა კომპოზიტორის კარმენსიტას - რომანტიკულ და ვნებიან ლამაზს მე არც მომწონდა იგი ასეთი: პრიმიტიული, ავხორცი წყენით გულანთებული შეყვარებულის დამღუპველი და უარმყოფელი ბოროტი ქალი, აუტანელი ამიტომ, ვფიქრობ, რომ მერიმესთან ის სხვაგვარია, ლილითი არის და არა ევა - მთავარი არის, ძირითადია, თავის ნებაზე მოთამაშეა; იგი თავნება და თვითკმარია, გამორჩეული ქალი-კარმენი, რადგან არ არის იქ, კაცის წილი, არ არის მხოლოდ კაცის ნაწილი, დასაბამიდან, მარად მართვადი, ნეკნად ნამყოფი.კაცის მკერდიდან ამოღებული ძვლისგან გათლილი მის გასართობად, თავშესაქცევად. ზარის თამაშის არაა კოჭი, რომელსაც, ერთხელ, ცუდად თუ დაჯდა მისი პატრონი გადააგდებს, გამოცვლის ან კისერს გამოჭრის. პროსპერ მერიმეს კარმენი მიყვარს და არა ბიზეს კარმენსიტა - მუსიკალური გამონაგონი გადაპრანჭული, პათეტიკური, ესთეტიკური, სხვისი გამგონი, თავაშვებული, ლამაზი ქალი. ჩემი კარმენი უბრალოა, ხალისიანი, თავისუფალი თავხედია და ჯიუტია, მოხეტიალე კონტრაბანდისტი, პროსპერ მერიმემ როგორც აღწერა - ქალი, რომელიც მხოლოდ იმისთვის, რომ გადაურჩეს ცუდ ბედისწერას, საპყრობილეში გამოკეტილი ისე დააბამს ერთ სულელ ბადრაგს, თავს შეაყვარებს ისე, უბრალოდ და გაექცევა გზიდან საბრალოს, მოიპოვებს თავისუფლებას. ხოლო სიყვარულს, დონ ხოზეს მიმართ, პროსპერ მერიმეს კარმენის გულთან სიახლოვეს არც ჩაუვლია, მასში ვნებაზე მეტი სულია - თავისუფალი, მბორგავი სული. საპყრობილიდან გაპარვის გარდა სიკვდილი სურდა ორივე კარმენს, სწორედ ამისთვის სჭირდებოდა „შეყვარებაც“ ტორეადორის. ამით მერიმეს ქალმა მაქციამ სიკვდილის გავლით მიაღწია უკიდურეს თავისუფლებას, როცა ბადრაგი, შეყვარებული, გაბრიყვებულ მკვლელად აქცია.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი