სიკვდილის ფერი


(პროლოგი)

სულ პაწაწინა გალიის ჩიტი
დამეღუპა, მომიკვდა გუშინ,
ყვითელქოჩორა თუთიყუში,
წითელლოყება კორელა, ნიმფა,
დაიზაფრა და დაიბნა ციცქნა
ადამიანთა ამბიციას შეეწირა,
შიშით გაუსკდა პატარა გული
მრავალფეროვან ფოიერვერკთა
ქუხილისებრი გასროლის ხმაზე
და პეტარდების აფეთქებებით
საახალწლო სიხარულის
მედიდურად გამოხატვაზე.
სიხარულის დიდი ხმაურით
შევაშინეთ ბედნიერებმა იგი
და სწორედ ამიტომ მოკვდა.

რას აშავებდა პატარა ჩიტი?!
უდარდელად, ჩუმად ცხოვრობდა,
ჭიკჭიკებდა, მოკრძალებულად
ნამცეც-ნამცეც კენკავდა მარცვალს,
ბევრ ყურადღებას არ ითხოვდა,
არ ხმაურობდა, არ მაწუხებდა,
ჩიტი იყო და სხვა რაღა ექნა,
მელოდიური, ლაღი გალობით
მახარებდა, მიტკბობდა სმენას
დღემოკლე, როგორც ნაზი პეპელა.
გამთენიისას, ახალწლის დილით,
გალიაში ვიპოვე მკვდარი.
და სევდიანმა გავიცანი
ჩემი ქალაქის სიხარულში
გალიაში გამოკეტილი,
უსუსური, პატარა ჩიტის
შეუმჩნეველი, ჩუმი სიკვდილი.
ეს ჩემი ლექსიც მას მივუძღვენი,
ასეც დავარქვი - სიკვდილისფერი.

(ამბავი)

მინახავს ჩუმი სიკვდილის ფერი -
დაღუპვა ციცქნა, სუსტი არსების.
სიკვდილი, თითქმის შეუმჩნეველი,
უხმაურო და უდრტვინველი,
ისეთი მშვიდი, ჰარმონიული,
როგორიც არის ბუნება თავად
მანამდე, ვიდრე განრისხდება,
გაგვიბრაზდება, აბობოქრდება,
გადაირევა და ზღვარს გადავა
ავ ქარბორბალად, მიწისძვრად,
წარღვნად, მეწყრად
ან ხანძრად მოგვევლინება,
გაანადგურებს,
წალეკავს მრავალს.
მერე კი ისევ,
დაგვტოვებს, წავა.
მე დავნახე
დედაბუნების
უმნიშვნელო,
უმეტყველო,
პაწია შვილის
ჩუმი სიკვდილი -
ისეთი, თითქოს
მორჩილებაში
ელოდებოდეს ღამეში ნათელს,
ახალი მთვარის ფერმკრთალსა
და სათუთ სინათლეს,
ქათქათა თოვლი, რომ
სიბნელეში ალმასივით
გამობრჭყვიალდეს.
ხოლო მანამდე
მწველ მზეს ჩუმად
შესციცინებდეს
დნობაშეპარულ
ფიფქთა ციმციმით.
ეფერებოდეს მზის
მსუსხავ ნათელს,
რომელიც ადნობს,
მას და არ ინდობს
თეთრ თოვლს კი
მაინც შეუძლია
რომ ეთაყვანოს
უბრწყინვალეს
მზის სიკაშკაშეს,
იცხოვროს ასე -
თვალისმომჭრელ
სითეთრეში
გამოიზამთროს,
ვიდრე იქცევა
წყლად, უფერულად,
უწონად ორთქლად,
ავა ზეცაში. იქედან
კი დაგვიბრუნდება
განწმენდილ ფიფქად,
მახარობლად
ახალი თოვლის.

(ეპილოგი)

გულწრფელად მჯერა -
უხარია თოვლს
ეს წრებრუნვა,
ეს ბედისწერა.
ისიც მგონია, რომ ასევეა
ადამიანის გარდაცვალებაც.
ისიც მგონია, ბუდამ ასეთად
დაუხატა სამყაროს არსი
მის მიმდევარ კაცობრიობას,
იესო ქრისტემ მორჩილებად
განგვიმარტა ღვთის მსახურება.
მან ისიც გვითხრა, რომ მიწად ქცევა
სხეულისა სამუდამო წასვლა არ არის
უფლის შექმნილი ადამიანის,
გარდაცვალებაც
თოვლის წყლადქცევით
განწმენდასავით
დასაწყისია ცისკენ სავალი
ეკლიან გზების.
ქრისტიანებს გვწამს,
მეორედმოსვლის
ჟამს დაგვაბრუნებს
აღდგომილთ ღმერთი.
საიქიოს გზა ასეთი არის
ქრისტიანთათვის.
ბუდისტისათვის
ეს გზა კიდევ
უფრო გრძელია,
მრავალჯერადი,
მიწიერი
გარდასახვებით.
სწორედ ამიტომ
არცერთი გვირჩევს
ამ ცხოვრების
სიხარულსა და
გამარჯვებებზე
ამპარტავნულ,
ხმამაღალ
ყვირილს.
დიდი მადლია,
წესიერი და
უპრეტენზიო,
ჩუმი სიცოცხლე.

დიდი სიბრძნეა
თავმდაბალი,
ჩუმი სიკვდილი.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი