მამას


სიყვარულზე ლაპარაკი
არ გიყვარდა,
სენტიმენტებს -
განზე მზერით ნიღბავდი.
წარმატებას - დაბნეული უღიმოდი,
ბოდიშობდი - მქონიაო იღბალი.
უენოს და
თავმდაბლობით გამორჩეულს
ამბიცია
არ გქონია მისხალი,
შეგონებაც
შენგან მხოლოდ ერთი მახსოვს,
ბავშვობაში
ნასვამმა რომ მითხარი:
“კაცი უნდა იყოს
გონიერი,
ქალი ლამაზი და სათნო
დარდი,
სჯობს იცოდე ზომიერი,
სიხარული - გულღია და ღონიერი,
სხვას რომ შენი სიხარულით არგო.”
ბედმა გულში
მეც, შენსავით არაერთხელ ჩამიკრა და
იღბლის მადლიც უდარდელად ვფლანგე,
ზომიერი ვერც დარდი ვერ მოვახერხე,
ვერც ვერავის სიხარულით ვარგე.
ჩემი დროგიც
როგორც ვატყობ,
ფინიშისკენ მიგრიალდა.
ნახე, როგორ
შენნაირი ვხდები -
ცალი ხელით,
უკვე გული მიჭირავს და...
ცალით - შვილის სიფრიფანა მხრები.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი