თამაში ცაში


ჩემი მზერა სულ ღრუბლებში დაფრინავს,
იქ ვუთითებებ, თუ მკითხავენ: - სადა ხარ?
დედაჩემმა ბავშვობაში მასწავლა
ცაზე თეთრი ფიგურების დანახვა.
ხან ძერწავენ გოლიათებს ღრუბლები,
ხან მოდიან ფრთიან ანგელოზებად,
ამიტომაც სულ ზევით ვიხედები,
როცა ვხარობ, ან როცა მელოცება.
ცით თამაში მე მიყვარდა, სხვებს არა.
წლების მერე მიამბეს და, მაშინ მივხვდი,
რომ მიზეზი ეს იყო:
ბავშვობიდან ნუგეშს ცაში ეძებდა
ჩემი ტკბილი, ცისფერთვლა დედიკო.
ორი წლიდან ობლად დარჩა მამასთან
და რადგანაც არ იცოდა სად იყო,
როცა დედას ტირილით ინატრებდა,
მაშინ ცისკენ უთითებდა დაიკო.

ღრუბლები ხან დედის ღიმილს ძერწავენ,
ხან კი უცებ ბროლის კოშკებს აგებენ.
ცის ცქერაში ქვას თუ ფეხს წამოვკრავდი,
დამცინოდნენ „მარჯვე ამხანაგები“.
სულ მტკიოდა ატყაული მუხლები,
ალბათ, ბევრჯერ წამოვკრავდი ფეხს კიდევ,
მაგრამ შემხვდა, ვინც ხელი შემაშველა
და მეც ნდობით მკლავზე ჩამოვეკიდე.
დრო გავიდა,
ერთად ბევრიც ვიარეთ,
ამ მგზავრობას ბოლო ვიდრე ეწევა,
მოზრდილ შვილებს ცაზე მინდა ვასწავლო
მშობლის თბილი გაღიმების შემჩნევა -
ესეც არის ხოლმე ბედნიერება.
ის დროც მოვა, როდესაც
ჩვენც ამ ქვეყნიერებას
გადმოვხედავთ
თეთრ, ქათქათა ღრუბლებად,
ნაწვიმარზე სული აგვიმღერდება
გავიშლებით ცისარტყელას ფერებად,
შვილთაშვილებს ჩუმად მოვეფერებით.

ერთხელ, ისიც ცისკენ ამოიხედავს
რომელიღაც ციცქნა შთამომავალი.
ეყვარება ცისარტყელას დანახვა, -
ცისმზერაში მუხლებგადატყაული
კიდევ ივლის მრავალი.
ფეხწამოკვრით ნუ დაფრთხები,
ჩვევად თუკი დაგყვება
ღრუბლით ხატვის თამაში,
სამყაროსგან სიყვარულით ივსება
მეოცნებე, ფიქრიანი ბავშვი.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი