აკრძალული სიყვარულის დეტალები


ღამემ - უღამობა დაგვაწყევლა,
ძილში - უძილობა დამესიზმრა.
ფიქრებმა ეკლები გამოისხეს,
ერთად გამოგვყარეს ხალისიდან.
ვერ გღლი უგზოუკვლოდ სიარულით,
არც საყვედურებით მაწუხებდი,
ისევ გამოვფატრეთ სიყვარული -
სხეულში დავფლითეთ მარწუხებით.
მე სულ არ მადარდებს უცოლობა,
შენ კი - შემკრთალი ხარ სიმორცხვისგან.
არა და, ორივეს რომ გვდომოდა,
ვინ იცის,რამდენ ხანს იცოცხლებდა.
ვიდრე ამ ტკივილებს გავფლანგავდეთ,
ძილი - შვებაა და მრუმე უმზეობა - ჰაერია.
მღვიძავს, დავითვალე სამასამდე,
უკვე სათვალავიც ამერია.
ჩვენი სავალთვალო კოშკებიდან
ხედი კოშმარებზე ისევ არის.
ნათელ მოგონებებს შეერია
სპლინი, უხეირო მეგობარი.
ფინთად იჭყიტება ღრიჭოებში
წუხილი - ტყესავით უსიერი.
შარში გახვეული ბიჭებისთვის
გამოსავალია უდიერი.
სერზე მიდიოდა სამი მგელი:
შიში, სიმხდალე და სიმარტოვე.
შენ მაინც რამდენხანს გამიძელი,
შარვალიც მორჩილად მიუთოვე.
ვიდრე ბაწარივით გაგვაბამენ,
ყოველდღიურობა დაგვიბრალებს,
იქნებ, წახვიდე და დამეკარგო,
შეძლო - დამტოვო და დამემალო.
კუთხეში უთქმელად ჩამოჯდები,
დამსჯი სიფრიფანა სიბეჩავით.
ვფიცავ, გაპატიებ მორჩილებას,
მზერას თუ გამაცლი ნუგეშნარევს.
ღიად დარჩენილი სარკმელიდან
აისის ქირქილი შემომესმა.
ცეცხლში გაფილტრული ნახშირივით
ეს ღამეც თითებში შემომეფშვნა.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი