ნოსტალგიური ინსომნია
ამ სიბნელეში თვითმფრინავიდან მდინარეც არ ჩანს, ჩემსავით ისიც გაექცა ქალაქს, ემიგრანტული უძილობის ეშაფოტისკენ. ჩუმად გადახტა თავდაღმართში, როგორც თვითმკვლელი. მეც, ისევ ბნელი ფიქრები მძალავს დარდებსაც ვმალავ,- არც იმას ვამხელ, როგორ მჯერა, რომ შენ მიშველი. ვერ ვუძლებ ტკივილს, გამისკდა თავი, ეს გატეხილი ძილიც რა არის, დარეკონ მინდა ცისკრის ზარებმა ჩამიტყდა ჩემი სიცოცხლის ხიდიც. ადრე ვიცოდი, გზაა მთავარი. ახლა შინისკენ მომეჩქარება. დრო კი არ ჩქარობს, სულ დუნედ მიდის. ჩემო ქალაქო, შენ გადამარჩენ, შინდაბრუნებულს შემხვდები მშვიდი. სახლის კარს ისევ ფართოდ გამიღებ. შენ შემიფარებ და დამიჯერებ, რომ მტანჯავს სხვაგან უშენობის ცუდი ამინდი. დიდი სიკეთით კვლავ გამაოცებ, თბილი ნიავით შუბლზეც მაკოცებ... დამეძინება ძველებურად, ოცნებით სავსეს, აღარ შევრჩები ღამეებს ასე - მდინარესავით ცივი, შიშველი. მომეცი ხელი, დამენახე, ჩემო ქალაქო, დამიძახე, მიშველი მართლა, მართლა მიშველი.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი