ქალბატონს, რომელსაც თოვლში ცეკვა უყვარდა


სულ ვალსის რიტმში მოცეკვავე, კისკისა გოგოს,
სითბოში გაზრდილ და ნაფერებ ოთახის ყვავილს,
მერე კი უცებ,
გულგრილი ხელით ქუჩაში გადგმულს
სიცოცხლით სავსეს,
წუთისოფელმა გადაგხადა თბილი საფარი.
არ ვიცი, რისთვის გაგწირა ასე,
რატომ დაგარქვა უმწეო და მიუსაფარი.
როგორც გჩვეოდა,
თავს არ აკადრე ცრემლი და სევდა.
მოულოდნელად,
გადამალული ფრთები გაშალე...
კვლავ ლაღად ცეკვავ,
აფრიალებ ღრუბლების კაბებს -
ზეცაა შენი
სასახლეც და თავშესაფარიც.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი