აღმოსავლეთი


მინდა,
ჟინიანი,
ურჩი
გამეტებით,
ფეხქვეშ დავიყარო
გონჯი
პლანეტები.
მინდა,
აზიურად,
უტყვი გამალებით,
უკიდ-უნაპირო
ვსერო ტრამალები.
უდაბნოს ჯიშის და
მზის შვილთა
თვალების,
ვიწრო და უხეში,
კერპი გამოხედვა,
მონათა ლეგიონს,
ვაძგერო ხმალივით.
ვთესო და
ვამრავლო,
ფლოქვების თქარუნში,
ცხენის ფერდებიდან
ახსნილი აკვნების
უძღები ნაყოფი.
ავზილო ალაფი
სისხლში და
აწმყოში.
სარზეწამოცმული
მონათა თავებით,
შევკრა გალავანი,
დავიდგა კარავი....
მიწისთვის ნაჩუქარ
ოქრო-იაგუნდის
ყორღანზე გადმოვდგე
ურცხვი და თავხედი,
უდაბნოს გავხედო
უკვდავ
უსასრულოს
ცხელსა და
მშობლიურს
გულზე ამოვკაწრო
დ ი დ ე ბ ა
სახელად.
ქვიშაში გავწმინდო
ნამგალა ხმალი და...
ჩემს
თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ს
მივუძღვნა მსოფლიო.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი