დაიკიდე...


მოდი,
სიღრმეებში ჩამოყევი,
თოკებს, მე რომელიც ჩაგიკიდე.
თუ,
უინტერესოდ მოგეჩვენოს,
ცერად შემხედე და
დაიკიდე.
მოდი,
ჭაში უნდა ჩაგახედო,
შენთან
მომენატრა საუბრები.
მოდი,
კიდევ ერთხელ
ვითავხედოთ,
ფოთლებს ვუყნოსოთ და
გავუბეროთ.
მოდი,
ბალახებზე წამოწოლილს,
ზეცა
ნაბადივით
დამაფარე.
მოდი,
დამითვალე ცოდვები და
ტყვიად საყვედური
დამახალე,
მჭიდეგავსებული პისტოლეტით,
ტვინი
დამიცხრილე საცერივით...
უხეშ იუმორზე ამცერი და
სულში ჩამიყავი
საცეცები.
მაჯებზე მითვალე ნაწიბური,
ცოდვები
მამადლე
უსახური,
ოქროსი მომთხოვე
კოშკები და
სიცოცხლის ბოლომდე
მიმსახურე....
მხოლოდ ერთი ღამით
შეუღლება,
ნაკლად ჩაუთვალე
ჩემს ბუნებას,
ისევ გაიკვირვე,
რატომ მიყვარს,
სულელურ ფიქრებში
შებრუნება...
მოდი,
ამ ერთხელაც
ვილაღოთ და
მერე
საბოლოოდ გაგეცლები.
აბა, როდის იყო
მიხაროდა -
საბელად შებმული საცეცები.

2006 ოქტომბერი

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი