მაზოხისტური ფიქრი დილის ჩაიზე
მნახე. უშენობამ მიმატოვა. დავიმარტოხელე საუბარი. ჩაი მოვხვრიპე და სინოტივე, ნამის ნამცეცებად დავუყარე ჩიტებს, ჩვენს რაფაზე შემომსხდარებს, შენს რომანებზე რომ ჭორაობენ. ზღაპრობენ: ღამით რომ არ მოხვედი, ვიღაცის ლოგინში გორაობდი... შემთხვევითაც კი არ მივაყურებ, ჭიკჭიკი არასდროს მყვარებია. კარსუკან ცოცხივით მივაყუდებ, რაც კი შენს თვალებში ქალებია. თუ იქნებ, სიბერის ღარებია, ნაოჭად დამსკდარი ნაჭუჭები. და შინაც იმიტომ დაბრუნდი რომ, სახლის შეგიყვარდა ფაჩუჩები. აღარ გაურბიხარ მყუდროებას, თბილი ცოლი გინდა, ბუხარივით. ცუღლუტი ფიქრებიც დაგირბილდა, ჩაიში ჩამბალი სუხარივით. იქნება, ნატვრებიც დაგეღალა, შარაგზის ყაჩაღს და სალახანას და თუკი, თვალს აღარ გააპარებ, კოხტა მუხლისთავის სანახავად, შიშისგან გულიც ხომ გამისკდება, უცებ თუ შეგატყვე დაღვინება, მე შენ, ვერასოდეს დაგჯერდები, შეჩვეულს, გაზეთით ჩაძინებულს... რაც კი ქარიშხლებში გვიცხოვრია ყოფას მირჩევნია ნაპატივებს საწყლად არაფერი მითხოვია, სხივჩამქრალ თვალებს ვერ გაპატიებ. ჩუმად შეგხედე და... გულს მომეშვა ფიქრებს წაუღიხარ თავისნებას, შენი, გაქცეული მზერა მიყვარს ცალტუჩაგრეხილი ჩაღიმება.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი