რომანსი, ~ბანტიან~ გიტარაზე სამღერი...


შენ ისეთი ხარ...
ეზმანები ვარსკვლავს იღბლიანს,
დროის და სივრცის
ვერ გაბრკოლებს
უნაპირობა,
წუთებს არ ნაღვლობ,
საათები მაჯას გიღლიან,
წარბს არ შეიხრი,
ისე მირღვევ
ყველა პირობას.
შენ ისეთი ხარ,
ასიათას მზერას აისხლეტ,
სასხლეტს აქვავებ
მოსაკლავად გაალმასებულს.
გაიღიმებ და
კაბის ქობით გულებს აითრევ.
თვალს ვერ გისწორებ
ამღვრეულს და გაკაპასებულს,
კარი ღია გაქვს,
ფორტუნაც კი
სახლში დაგიდის,
არაფერი გაქვს
უცხოთაგან დასაფარავი.
შენ ისეთი ხარ,
რასაც სჩადი - ყველა გაგიდის,
და არ დასცდება სამდურავი შენი არავის.
ჩემი ფიქრისკენ
ამოქოლე გადმოსახედი,
სენტიმენტებით
აღარ გართობს თავის შექცევა,
გული რომელიც ვერ გაკმარე
ისე დაფერდდა,
ძველი სახლივით მეშლება და თავზე მექცევა.
შ ე ნ,
დაცემულმა ანგელოზმა
შუბლზე გაკოცა
თვალისმომჭრელი სილამაზე
გცვივა სხივებად,
შენ ისეთი ხარ
ყველასი ხარ - მაინც მარტო ხარ
გეცოტავება ეს სამყარო
გემარტივება.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი