მამაჩემი


ისეთი ჩუმი კაცი იყო
მამაჩემი,
კი არ დაბერდა,
რაღაცნაირად,
დაპატარავდა.
წესიერი კაცი იყო,
მშვიდად ცხოვრობდა,
ქრთამს არ იღებდა,
არ იპარავდა.
შვილიშვილებთან თამაში
არ გამოსდიოდა.
არ სვამდა,
არ ეწეოდა,
რადგან,
გული სტკიოდა..
სვანური ქუდი ეხურა და
სულ სციოდა,
ზამთარ-ზაფხულ
დედა ამბობდა: გულის ბრალია.
უცებ დაბერდა,
ბებო რომ დამარხა...
კითხვა უყვარდა ყველაზე ძალიან.
კიდევ ჭადრაკი.
ბუკიას ბაღში თამაშობდა,
პენსიონერებთან...
ხშირად იგებდა და უხაროდა:
ფორმაში ვარ,
წლები მე რას დამაბერებსო...
სიკვდილის წინ კი,
გამჭვირვალე გაუხდა სახე,
სინათლე გასდიოდა...
სულ იღიმებოდა
თითქოს უკვე, აღარც სციოდა...
გუშინ ვიყავი სასაფლაოზე,
ცრემლად წამომცვივდა,
რაც კი მონატრება დაულექია..
მამამ გამაოცა...
რა ძალა ჰქონია,
ეს რამხელა,
მიწის ბორცვი
ჩაუზნექია...

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი