უბნელ "სასიკვდილეს"


სიკვდილი -შენი საქმროა
შეგყვარებია ვერაგი,
გიღალატა და დაგტოვა,
ნასერი ბეჭდით ვენაზე.
თვალს რომ გარიდებს,
ემდური,
აღარ უგზავნი წერილებს.
სულ ჯიუტ გოგოდ დარჩები.
დარდს თავს არ შეაჭმევინებ.
იცი, მოვა და გიპოვნის,
აქეთ მოგიხდის
ბოდიშებს,
შენ კი ჯინაზე
საჩუქრად -
სხვას დაახვედრებ ლოგინში,
უბნის ყოჩიც და სულელიც,
ფულიანებიც, მუქთებიც -
სულ შენ გეკუთვნის
უკლებლივ,
პირველი ღამის უფლებით.
შენს დანახვაზე
ცოლები,
რკინისმკვნეტელი ბიჭების,
ქმრების
მოთრეულ ლაგამებს,
ჩუმად ფეხს დააბიჯებენ.
შემოეყრებათ გულებზე,
შენი ტკბილმწარე ცოდვები
ბრაზი რომ არ შეიმჩნიონ,
ყასიდად შეგიცოდებენ.
ყაყაჩოების ფერია
ეგ შარიშურა კაბები,
განმარტოების მტერი ხარ,
ოსტატი მახის დაგების.
თავდაჯერებულს
უხიაგს,
ბედი დუშაშებს არ გიჯენს,
სიკვდილს დაეძებ
ლამაზი,
მიაწკაპუნებ ნაბიჯებს.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი