ნახევარგზაზე
უკვე ორმოცდაათს მივეახლე. ქვის კრების დრო დადგა, გარინდების. ჩემს დაულაგებელ სამოსახლოს გვერდი აუარეს რაინდებმა. ვშლიდი პასიანსად გულისნადებს, ღმერთი არაერთხელ შევაწუხე. განგება გულგრილად გამინაღდებს სისხლით ხელმოწერილ თამასუქებს, შვილებს გაუჩენელს, აუხდენელს, უკან დაბრუნებულ ამანათებს, ლაჩრული ცხოვრების გამართლებას - სამზარეულოში ლაპარაკით. ამ, ერთი სიცოცხლის ჰორიზონტებს, ვ ი დ რ ე ჰერმეტულად გადაგოზავს, ცოდვებად მიმითვლის ანგელოზი ბალიშქვეშ დამალულ ავგაროზებს. უნდა, მოვნიშნო და დავადგინო, მკაცრად, ასპარეზი სამოქმედო. დ რ ო ა, უთავბოლო სურვილები სიფრთხილის სკივრებში გამოვკეტო. რაც მერგო - მორჩილად შევიფერო, წვეთ-წვეთად დავზოგო რაც დამრჩება, მ ა გ რ ა მ... გულს რა ვუყო, ეს ოხერი, ისევ, ზღაპრებისკენ მექაჩება.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი