ბანალური ამბავი


მიმოიხედე და მიხვდები
როგორი სისწრაფით ვბევრდებით
უბრალოდ სახეებს გვახევენ
და ასე ვიქცევით ბრენდებად

ხმარებით გაცვეთილ სახელებს
ნეონით აწერენ პლაკატებს
კარგად შეხედე და მიხვდები
ლამის ღობეებზეც დაგვხატეს

შინ გვიდგას ქარიშხლის ამინდი
ნერვებს სასკანდალოდ აქეზებს
რა მსოფლმხედველობის კრიზისი?!
ბრენდების ომია სახეზე.

ცნობილს, დიეტურს და ელვარეს
ფილტვებზე ამეკრო ფერდები
გავხდი და ვიღაცის სახეც ვარ
წავხდი და ბურჟუებს ვნებდები.

თავშეკავებულად, უგულოდ,
შენც ხშირად გაქებენ სნობები.
მათ ამბივალენტურ გრძნობებში,
შენი კაპრიზებიც ცხოვრობენ.

ბოტოქსით აცრილი თვალებით
წარბზე შეყინული დიდებით
მხოლოდ ბანერიდან ვიღიმით
გლამურის ფერადი ჩიტები.

მ ო დ ი, ერთმანეთი ვიპოვოთ
ამ ასიათასში ნამდვილი
მ ი ნ დ ა, გამიღიმო უბრალოდ
უბრალოდ, შემიქო სადილი

ი ქ ნ ე ბ, ასე მაინც გავგლიჯოთ
ხრჩობამდე შეკრული საყელო
ნარცისულ-ბრენდული ფეისი
ერთბაშად რომ ამოვახველოთ

მ ე ნ დ ე, ავირიოთ გეგმები
ფეხით მოვიაროთ თბილისი
მ ი მ ი შ ვ ი, იმიჯი წავლეკოთ
თავი გავიხსენოთ მიმიშვი.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი