ავტობიოგრაფია
შენი თავი ბავშვობიდან დამაძალეს, დამაბრალეს, დამავალეს, შემომაჩეჩეს. სკოლიოზის კორსეტივით მომაზომეს, შიგ ჩამჭედეს, შემომაკრეს, შემომიჭირეს. იდეებად, გმირებად, ლხინებად და გასაჭირებად. გამომიჭედეს ყურები შენი სადღეგრძელოებით... მ ი თ ხ რ ე ს: ,,საქართველო შენი სამშობლოა... ღვინო, უფლის სისხლია, პური, _ მისი ხორცია, ჭირნახული. მოწეული, წინაპართა ოფლითა და ძვლებითგაპოხიერებულ, სისხლითმორწყულ, წმინდა მიწაზე. ამ ნიადაგზე უნდა იარო დღენიადაგ... მისი გაქვს ვ ა ლ ი, და სულ მ ი ს ი ა შენთვის საგზლად ნაანდერძევი ძვალი და სისხლი სისხლი და ძვალი...,, მე, გულისრევას ვებრძოდი რადგან ვგრძნობდი ნერწყვს ჩემსას სისხლის გემო აქვს. კბილებში კი გამუდმებით მიხრაშუნებს ძვლების ნაფშვენი... მ ე უ ბ ნ ე ბ ო დ ნ ე ნ: ,,უფალი შენი, არის ვ ა ზ ი, ახლად აღყვავებული...,, მე კი, ვ ა მ ჩ ნ ე ვ დ ი, როგორ გამირბის თვალი უცხო ჰორიზონტისკენ... მერე, ერთხელაც ვიძალე და გავწყვიტე ჯაჭვი... ბევრი ვიარე. დამეხარჯა ყველა მიზანი. გ ა რ დ ა ვ ი ს ა ხ ე. აღარ მახსოვდა საიდან ვარ, სადა ვსახლობდი. სხვისი ღმერთების გულგრილი მზერა დავინახე ისე ახლოდან, რომ ვეღარც მივხვდი სად მეპოვნა ის ერთადერთი, ვისი მადლიც უნდა მეწამა.. თან, ნოსტალგიით რომ არ მეწამა, შენს საზღვრებთან ჩამოვიფერთხე ყველა დარდი და ვალების სია.. და მაინც, ბოლოს უ კ ა ნ დ ა ვ ბ რ უ ნ დ ი. დავაბრუნო უნდა ნ ი ს ი ა, სულჩამოფლეთილს, უსახლკაროს, შენგან რომ გამყვა.. მ ო ვ ე დ ი. უხმოდ ჩავიმუხლე, ერთადერთ სახლთან... სახლთან, რომელშიც ღია სარკმლიდან ც ა მოჩანს, მ ა რ თ ლ ა... ხოლო ონკანში, დღემდე მოდის სასმელი წყალი, ი ს ე თ ი წყალი, რომ შეუშვერ პეშვს და რომ დალევ... იმ სახლში, სადაც ცხელი პურის სუნი აქვს სარდაფს. დამსკდარ კედლებზე, ფრესკებს ფერად აფენენ სადაფს. ხატავენ ხატებს, მოწყალე უფლის, ი ს ე თ ი უფლის, ეკლის გვირგვინი რომ ადგას შუბლზე და... უძღებ შვილებს, ჯვარზე გაკრული, ნ ა წ ა მ ე ბ ი, სევდანარევი სიყვარულით, მშვიდად, კეთილად, მ ა ი ნ ც გვიღიმის.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი