რა მიყვარს
მე მიყვარს ლექსი... გასრესილი სოკოს სურნელით. გამონათება ცელქი სხივის ბავშვის თვალებში. ან ის ლექსები, ვაშლებს რომ გვანან, უფრო კი ატმებს. ვაშლის და ატმის ხეებს კი არა, ყვავილებით დამშვენებულ ზიზილ- პიპილოს, არც ხილის ფაფად გათქვეფილ მასას, არამედ, უფრო მაგარი, მრგვალი პრიალა ვაშლის სურნელოვან ან ატმის მძიმე და ხაოიან მწიფე ნაყოფებს, ხარბად, ხრაშუნით რომელსაც ჩაკბეჩ და მერე ვაშლის ტკბილმჟავე წვენის ან ატმის კანის ჩხვლეტია სუსხის უფრო ზუსტად კი ზოგადად ხილის სრულყოფილების შთაბეჭდილების ტყვედ რომ გამყოფებს. მე მიყვარს ფრაზის, რითმის, რიტმის, ან განცდის ლექსად აკვიატება და არა ბრძნული ფიქრის, აზრის ან პერსონაჟის შეყვარება, როგორც პროზაში. არც კითხვის დასმა ან პასუხის ძიება ლექსში, ალბათ, ამიტომ მე არ მიყვარს უკვე ათასჯერ გადაღეჭილი და გალექსილი ჭეშმარიტება - ფილოსოფოსთა ნაფიქრალი, ტვინის ნაჭყლეტი, ლექსი -ტრაქტატი - გონის ზეიმი, მანიფესტი, არც გაკეთებულ- აწყობილი ლექსი- ლოზუნგი, აგიტაცია; გაზეთი-ლექსი; კიდევ მგონია, ლექსს არ უხდება მოწოდებები, ღრმა წიაღსვლები, არც იდეების ბუნდოვანება, არც დიდაქტიკა, არც პათეტიკა ან ესთეტიკა, როგორც მხოლოდ ფერ-უმარილი. მე მიყვარს უფრო თრობის და გრძნობის გულწრფელი ლექსი, მომნუსხავი და გემრიელი - ცეცხლი, მარილი, ძილის გატეხვა, ღამის თენება, სიტყვის სეტყვა და ლექსი-თქეში, ლექსი- ჭენება, ასევე მიყვარს ზმანების ლექსიც, გრაციოზული მოძრაობა დიდი კატების; ლექსიც, რომელიც კალმახივით უცბად გასხლტება - რომ ვერ ამოხსნი ვით განტოლებას - მზა ფორმულებით ორ წერტილს შორის უმოკლეს მანძილს, ვერც წრფეს გაავლებ უმარტივესად, უბრალოდ, მსუბუქ ჟრუანტელს მოგგვრის, ნათქვამი სიტყვის ხიბლით აგავსებს. მე მიყვარს ჩუმად სათქმელი ლექსი, ლექსი უჩინო - ძველი ღვინო, არომატული; შეკავებული სიყვარულის გულის ფეთქვა და სუნთქვა ქალების, ნაზი ჩურჩული იდუმალების, ბაგე ბაგეს რომ თითქმის ეხება, ან პოულობენ ერთურთს თვალები. მზერა სხვა მზერას როდესაც ხვდება და წამის სულ ერთ მეათასედში ყველაფერს ეტყვის,- ასეთი სხარტი, მოულოდნელი, მე მიყვარს ლექსი. უცებ გამკრთალი ჩვილის ღიმილში, ხანაც მოხუცის ბედნიერ ცრემლში, ლექსად სიცოცხლე, ლექსით სიკვდილი, ლექსი - სილაღე, ლექსი - ვნება, ლექსი -ალერსი. ვფიქრობ, ამხელა ტექსტის დაწერას ჩუმად და მოკლედ სჯობდა, რომ მეთქვა: მე ვცოცხლობ - ნიშნავს: „მე მიყვარს ლექსი“....
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი