ასე მგონია, (გიოს და ელეს)


დეე, სიყვარული რა არის?
(ელე 10 წლის)
ასე მგონია,
ვიღაცისათვის სიყვარულია - ფრთები,
ერთ ირაოში
მოილევს ცის მთელ კაბადონს.
ზოგიერთი კი...
სიყვარულისგან თვრება,
ან და ვნებებში ნიავქარივით ნავარდობს.
ისიც მგონია,
ვიღაცისათვის სიყვარულია - ლოდინი,
უსაგნო დარდს ჰგავს,
ცრემლს ალამივით გამოდგმულს...
კიდევ მგონია,
ზოგიერთისთვის სიყვარულია - ლოდივით,
გზაზე წააწყდა და
სულისმოსათქმელად ჩამოჯდა.
ჩემთვის კი,
ასეა -
სიყვარულია სისხლივით - ფეთქავს და მიშხივის,
ძარღვებში ძალუმ,
ცხელ ნაკადულად დარბის. -
ცოცხლობს, აქ -
თეთრ საფეთქლებთან ახლოს,
და თუ დაგჭირდათ,
ჭიქა ღვინოსავით
დაუნანებლად დავღვრი,
იმ მიწისათვის,
თქვენ რომ დადიხართ და
სახლობთ.…

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი