შეხვედრა


გზაზე შემომხვდი, სიტყვებს დაეძებ.
ვერც მე ვიხსენებ, რა უნდა მეთქვა,
ან რად ვინატრე აქ შენი ნახვა.
უბრალოდ, ჩუმად შევჩერდეთ ერთხანს.
ამ ჩვენს პაემანს, რაც გინდა ერქვას -
გამოცხადება თუ წარმოსახვა,
შემთხვევით შევხვდით,
გამიზნულად თუ უცაბედად.
თავგზადაკარგულს
გაღიმებაც
ვერ გაგიბედავს.
რად დაიბენი?
ჩვენს ქალაქში ვართ.
ძველებურად, ხომ გაგეხარდი?
გარშემო დადის ნაცნობი ხალხი.
სულიერი ხარ, თუ მოჩვენება,
მხოლოდ ამას გთხოვ, წამიერი მზერა შემახო.
ქათინაურზე ნუ შეწუხდები,
ზრდილობისათვის არ მსურს შემაქო.
თვალს არ ვუჯერებ, ნუთუ, შენა ხარ?
იქნებ გცალია? იქნებ არ ჩქარობ?
არ მინდა, სადმე დაგაგვიანო.
მშვენიერია დღეს ეს სამყარო,
ჯერ შეიცადე, არ წახვიდე, ადამიანო.
სულ ერთი წუთით,
მტვრიან ქუჩაში ვიდგეთ მდუმარედ.
თვალს ნუ მარიდებ,
ნუ გავიხედავთ სხვადასხვა მხარეს.
მზერა მაჩვენე - სიტყვების არ მწამს.
რაც ღმერთმა შეგვქმნა ქალად და კაცად,
ყოველი სიტყვა - ტბილიც და მწარეც,
უკვე მრავალჯერ უთქვამს ვიღაც სხვას:
ავად თუ კარგად, დალაგებულად,
არეულად და აცა-ბაცად,
გულწრფელად, ყალბად,
ზოგს - მბრძანებლური სიამაყით,
თვითკმაყოფილით;
ზოგსაც - სიცილით ცრემლნარევით,
ასეც ყოფილა.

გახსოვს? ჩვენც, გვითქვამს,
ამოგვისუნთქავს ის ერთი სიტყვა -
მოკრძალებული,
ჩურჩულით ფრთხილით
გაგვიმხელია
მოწიწებული, ნაზი სურვილი,
როცა ვიყავით ერთი სულივით,
ხოლო დუმილის,
ერთად დუმილის საიდუმლო,
ნეტავ, თუ იცის,
კიდევ ვინმემ, ჩვენ ორის გარდა..
ზოგჯერ, მგონია, წარმოდგენითაც
გაუჭირდებათ იმის დახატვა,
ერთმანეთის უსიტყვო მზერით
როგორ ხდება ჰაერი ბლანტი,
ჩაქროლებული მანქანების
მოძრაობა - დუნე და ზანტი,
როს მოასკდება
ხმაურიანი ქალაქის ქუჩას
დიდი სიჩუმე:
უცხო სურნელი -
მკრთალი ვარდების,
იასამანების,
მონატრების
მძაფრი შეგრძნება
რომ გაგიფიქრებ და,
დრო ჩერდება.



,

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი