ჩემს *მარგარიტას


გახსოვს?
შენ წინა ცხოვრებაში,
უყვარდი მეფეს...
ძღვნად გიშენებდა
სასახლეს
მაღალგალავნიანს,
ქონგურებიანს,
გუმბათებიანს.
რას მიხვდებოდა
უბრალოდ მეფე,
თავისუფლებით შეპყრობილები
სასახლეებით რომ
არასდროს იხიბლებიან.
სხვა ცხოვრებაში
წერის ოსტატი გიძღვნიდა რომანს.
ჩუმად ხვდებოდით ცივ სარდაფში,
ციცქნა ბინაში.
როგორც აღწერა თავის რომანში,-
იმ ოსტატს, თურმე, სიყვარულით გულაჩუყებულს,
შებრალებია ღმერთის წინაშე
პონტოელი თავად პილატე.
შენი პორტრეტიც
განსაკუთრებულს გვახსენებს ამბავს:
რომელიღაცა სხვა ცხოვრებაში
გენიოსს, ღატაკს უყვარდი მხატვარს.
შეყვარებიხარ, მართლაც, მეფურად.
მან საკუთარი გაყიდა სახლი,
მერე კი ურმით მოგიზიდა იმდენი ვარდი,
ვარდით შეეძლო შენთვის სასახლე
აღემართა და ვარდითავე გადაეხურა.
მოგვიანებით,
ვარდებიდან და გალიებიდან გამოფრენილი,
თუ დავუჯერებთ ხსენებულ რომანს,
დაუნდობელმა თავად სატანამ,
როდესაც შეგხვდა,
გადაივიწყა
სიხარბეცა და სიბოროტეც,
წყალს გაატანა.
თავის მეჯლისზე მიგიწვია დიასახლისად.
მეჯლისის შემდეგ, რადგანაც სთხოვე,
ის რამდენიმე გატანჯულ სულს დაეხსნა, თურმე.
გაგიმხილა საიდუმლო სიკვდილ-სიცოცხლის.
შენ შეგიყვარა, როგორც გულუხვმა იმპერატორმა -
მითვისებული, გატანჯული სულებიც და
ნაყაჩაღარი მთელი სიმდიდრეც,
რაც რამ ებადა, დაუნანებლად,
სულ ერთ ღამეში - შენთან დატოვა.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი