ლოცვა ხეებისათვის


ღმერთო, გთხოვ,
ფრენა და სირბილი
ასწავლე ხეებს,
გამოერიდონ ცეცხლოვან მეხებს,
დაუსხლტნენ ხანძრებს,
ბასრკბილებიან, ალესილ ხერხებს
მოღერებულებს მათთვის ნაჯახებს.
გაშალონ ფრთებად ნედლი ყლორტები,,
გაფრინდნენ ცაში, გაიქცენ ზღვისკენ,
მოახტნენ ტალღებს.
მრავალფეროვან
კატასტროფებს, შარებს გადარჩნენ.
ნუ გამოუტან მოგზაურ ხეებს
გაქცევისათვის სასტიკ განაჩენს,
გადაფრენისას
თუ მიაღწიეს ხრიოკ ადგილებს,
არ შეაშინო სიცხით, სიცივით,
და რომელიმე,
ცურვისას სულს თუ სადმე მიატანს,
უიმედობით, გთხოვ, ნუ დაამშევ...
ნუ დაუკავებს მსუყე ნიადაგს
დედამიწის ცისფერი სფერო,
წვიმამ დანამოს, მზეც მოეფეროს.
თუ ყველამ ერთად უკაცრიელ
კუნძულს მიაგნეს, ნაპირს მიადგნენ,
მღვრიე ტალღებზე დიდხანს ტივტივით,
კეთილი იყოს მათთვის მზის სხივი.
გთხოვ, ღმერთო, რომ სულ იშრიალონ
აურაცხელ მწვანე კუნძულზე,
გრილ ოაზისშიც, ქალაქის პარკშიც,
ხასხასა მწვანედ მოლმა და ტყეებმა.
გრიგალებს უდრეკად შეებან.
უფალო, ისწავლონ
ფრენა და სირბილი ხეებმა...

ეპილოგი-
(მადლიერების ლოცვა)

გმადლობ შენ, ღმერთო, რომ
სამყაროს შექმნისას ასწავლე
უხვი გამრავლებით თავის გადარჩენა,
ქარში გადაფრენა და მოგზაურობა,
მთელ დედამიწაზე მოფენა, დარჩენა,
ბუსუსით, თესლით, ნაფოტზე კალმების ნარჩენით,
ყლორტების ამოყრა მიწასთან შეხებით,
გადარჩენისათვის ბრძოლა კი არა -
ხიფათისგან თავის ასე დაღწევა.
საწყისი წერტილის პოვნა და
სიცოცხლის თავიდან დაწყება,
რომ არის საჭირო
დასაბამიდანვე იციან ხეებმა.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი