ფესვები


საღამო ზოგი ადამიანისთვის დღის ისეთი პერიოდია, როდესაც სამსახურიდან დაბრუნებულს შეუძლია დაისვენოს, ზოგისთვის დროის ის პერიოდია როდესაც შეუძლია ოჯახთან ერთად გაატაროს დრო, ზოგი სულაც იძინებს, მაგრამ ჩემთვის ეს ისეთი პერიოდია როდესაც ჩემი გონება რეალობას წყდება და სხვა სამყაროში გადადის,  იმ სამყაროში რომელშიც უნდა რომ ჰქონდეს, იმ სამყაროში რომელსაც ენდობა და უმხელს თავის გასაჭირსა თუ გრძნობებს, იმ სამყაროში რომელშიც უსაზღვროდ დიდი ტკივილი და დარდი ინახება მალულად. ეს ის სამყაროა სადაც ის კალმით ხელში უზიარებს მის განცდებს ფურცლებს, რომელიც მომავალში დიდი ალბათობით დაიწვება და განადგურდება. ამ ნაწერმაც შეიძლება იგივე ბედი გაიზიაროს როგორც დანარჩენმა სხვამ. ეს უსაზღვროდ დიდი გრძნობები, განცდები და ფიქრები ქრება, მერე ისევ იწერება და ისევ ქრება, და ეს ყველაფერი უსასრულოდ გრძელდება. ეს ნაწერიც ამ დაუსრულებელი პროცესის ნაწილია. მაგრამ იქნებ ერთხელ მაინც, რომელიმე ფურცელი გადარჩეს. იქნებ ერთ დღეს, ის სიტყვები, რომლებიც დავწერე და დავგლიჯე, ვიღაცამ იპოვოს და გაიგოს ჩემი სულიერი სამყაროს ნაწილი. იქნებ ეს დაუსრულებელი წრე სინამდვილეში ხიდია მთელი სამყაროსთვის უხილავი, მაგრამ ჩემთვის ხილული, ხიდი, რომელიც ერთ დღეს სხვა სულსაც შეახებს ჩემს განცდებს. ალბათ, ამ ნაწერს, როგორც სხვა ყველა წინას, ბედისწერა უკვე განსაზღვრული აქვს, ისინი ან დაიწვება, ან დაიკარგება, ან უბრალოდ დროს შეერწყმება. იქნებ ამჯერად მაინც შეუძლია მათ ამ უსასრულო პროცესის შეჩერება . იქნებ თითოეული ასო პატარა მონოლოგია მარადიულ მცდელობასთან რომ თუნდაც ერთი წამით შევაჩერო პროცესი. და მაშინაც კი, როცა სიტყვები ქრებიან, ფურცლები იწვის და მელანი ფერფლად იქცევა, გრძნობები სადღაც მაინც რჩება. იქნებ არა იმ სამყაროში, რომელშიც ვცხოვრობ, არამედ იმ სამყაროში, რომელსაც ვწერ. იქნებ, ამ უსასრულო მონაკვეთში, სადაც ჩემი ფიქრები დაუსრულებლად მიედინებიან, ერთი სიტყვა მაინც გადარჩეს. იქნებ ყველაფერი, რაც ოდესმე დავწერე, არსად გამქრალა უბრალოდ სხვაგან აგრძელებს ცხოვრებას. იქნებ ის სიტყვები, რომლებიც მე დავწვი, ვიღაც სხვამ ზუსტად იმ წამს თავის ფურცელზე დაწერა. თითქოს დროის და სივრცის მიღმა ჩვენმა აზრებმა ერთმანეთი იპოვეს. და თუ ასეა, მაშინ არც ეს სიტყვები ქრება. ისინი შეიძლება დაიკარგოს, გადაიფაროს ახალმა ფურცლებმა, მაგრამ სადღაც, ვიღაცის გულში, აზრად, ემოციად ან მოგონებად მაინც დარჩება. იქნებ ეს უსასრულო წრე არც ისე უიმედოა, როგორც ჩანს. შეიძლება ეს სიტყვები ხიდია, რომელიც ერთ დღეს ვიღაცას ჩემამდე მოიყვანს. იქნებ ვიღაც, ვინც ჯერ არ მიცნობს, ერთ დღეს ამ ფიქრებში საკუთარ თავს იპოვის. და თუ ასე მოხდება, ეს ნიშნავს, რომ არც ერთი სიტყვა არ წაშლილა, არც ერთი განცდა არ გამქრალა უკვალოდ. ისინი სადღაც დარჩებიან, იქ სადაც მელნისგან შექმნილი სამყაროები რეალობასთან შეერთდებიან, იქ, სადაც სიტყვები არ იწვიან, არამედ სამუდამოდ ცოცხლობენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი