გაგრძელება ექნება ალბათ??


ის მარტოდმარტო ზის ხის ქვეშ. სიჩუმეა — ისეთი სიჩუმე, რომ თუ ყურს დაუგდებ, დედამიწის გულისძგერას იგრძნობ. სიჩუმე — ეს ხომ დასაბამია იდუმალების, ეს ხომ ზოგისთვის შეუმჩნეველი სავალია ბუნდოვანი სიცოცხლის კიდემდე. იდუმალება კი სანაპიროა, შორი ჰორიზონტიდან შიშველი თვალით უხილავი, და ეს სანაპირო თვით სიჩუმეა დაბინდებისა: ყველაფერი იძინებს, გარდა მოუსვენარი ფიქრებისა და გრძნობებისა.
 ძლიერი ქარის მიუხედავად, ხის ფოთლები სულაც არ დაფარფატებენ ამ ქარბორბალაში. თუმცა, ერთ-ერთი ხის ფოთოლი ყველასგან განსხვავებულად შრიალებს, თითქოს ქარს მისი ტკივილი ესმის და მისი გაყუჩება სურს. მოწყვეტილი ფოთოლი მიწისკენ მიემართება და მძიმე დასასრულს ელოდება. აღსასრულის მოლოდინშიც კი, ის მაინც გრძნობს მცირედ სიამოვნებას — წამიერ თავისუფლებას ცხოვრების მზაკვარ ქარიშხალში, რაც ამ ძლიერი ტკივილის დასასრულია. მას საკუთარი ბედი არ გადაუწყვეტია; ის მედგრად იბრძოდა ქარიშხლის წინააღმდეგ, მაგრამ ქარმა მაინც სძლია და ბნელ მორევში გადაისროლა.
 მწვანე მინდვრებს ცრემლი მოდენიათ დიდხნიანი დაკვირვებით. ძნელია, სამყაროს უცქერდე, ხედავდე მის მშვენიერ, ლამაზ ფერებს — თუ როგორ ეცემა დღისით მზის ბრჭყვიალა და ღამით მთვარის მოციმციმე, მკურნალი სხივები — და მაინც უკეთურებას გრძნობდე მისგან. 
 მთვარეს უმძიმესი შინაგანი ბზარები გაჩენია და განახევრებულა. მისი სხივები მსოფლიოს უკიდურეს მხარესაც ანათებდა და ამხნევებდა, რომ ეს დასასრული კი არა, არამედ დასაწყისია ახალი, უკეთესი მომავლისა. ახლა კი ისე დაბეჩავებულა, რომ ჩაკეტილა ბნელ ოთახში და საკუთარი გასაჭირის გამოსავლის საპოვნელად ნათებაც არ ჰყოფნის. 
 მნათობ ვარსკვლავებს ცრემლი დაუღვრიათ ბნელეთის კიდეზე. ადიდებული ცხელი ცრემლები ღვარცოფივით მოულოდნელად დაესხა თავს სულ მცირე იმედის ნათებას და საბოლოოდ წალეკა წყვდიადისკენ. სიბნელეა, ისეთი სიბნელე, რომ თავად წყვდიადიც კი კაშკაშებს შავი ცის ქვეშ. 
 დრო გაჩერებულა და შეუწყვიტავს ლტოლვა მარადისობისკენ. ეს კი აღსასრული იყო სიცოცხლისა. რამდენადაც მძიმე და მტკივნეულიც უნდა იყოს სამყაროს გაცამტვერება, დროის მისწრაფებას სიახლისკენ ყოველთვის მოაქვს სამართლიანი შედეგები; ხოლო თუ ეს მოძრაობა შეიზღუდება, სამყარო ბოროტებისა და სიავისგან ვერასდროს განიკურნება.
 ირგვლივ ყველაფერი მოსცილებია უწინდელ კალაპოტს, თითქოს მობეზრებოდათ ყოველდღიურობა. ნაკადულს შეუწყვიტავს რაკრაკი, უხმოდ მიედინება უსასრულობისკენ. ცხოველები ყვირიან სიჩუმის ფონზე და თითქოს ითხოვენ, ბუნება არ დანებდეს ამ გასაჭირს – მათ ხომ ერთად ბევრი რამ გადაუტანიათ. ხეებს შეუწყვიტავს სუნთქვა. ის ზის ხის ქვეშ და ელოდება, თუ რა განაჩენს გამოუტანს მას საკუთარი გული. ეს ხომ მისი ბოლო დღეა შავ-თეთრ, გაბოროტებულ და უთანასწორო სამყაროში.
ის არავისგან იყო გამორჩეული; იზრდებოდა, როგორც სხვები, იკვებებოდა, როგორც სხვები და ფიქრობდა იმასვე, რასაც სხვები. მაგრამ ის ისე გამოეყო მათ, როგორც ცას გამოეყოფიან ვარსკვლავები გამთენიისას. ჩანდა მაშინ, როცა მის სანახავად თვით სიბნელე მოდიოდა; საუბრობდა მაშინ, როცა მის მოსასმენად თვით სიჩუმე იღვწოდა და „ცოცხლობდა“ მაშინ, როცა გული და გონება ამქვეყნიური პრობლემების მოსაგვარებლად ერთმანეთში ბჭობდნენ. ის უცნობ მხსნელსა და გაცივებულ სამოთხეს შორის გადებული ხიდი იყო.
 თვალები ნელ-ნელა იწყებენ სინათლის კარიბჭის დაკეტვას და მნათობ სანთლებს ეკიდებათ შავი ელფერი. ჰაერი ტოვებს თავის ბოლო ნაკვალევს ცივ სხეულში — ემშვიდობება საკუთარ სახლ-კარს და სამუდამო მიძინებაში მიდის. შორს მიმავალს, თავში ერთი რამ ჩაესმის: მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მისი ხელი კი წითელი სისხლის კალაპოტად გადაქცეულა. თეთრი გვირილები წითლად შემკულან. მომაკვდავი მწვანე მინდვრები გაყავისფერებულა. ის ნელი ნაბიჯებით მიდის უკუნეთის ბნელში, ცეცხლმოკიდებული გრძნობებით ეხება სიცარიელეს. მასთან ერთად ტოვებს ბუნება ამქვეყნიურებას. ის ხომ სწორედ აქ მოხვედრაზე ნატრობდა: სიჩუმე, თავისუფლება და არავინ... ნელ-ნელა ქრება ბობოქარი გრძნობები, თითქოს საკუთარ თავს, საკუთარ სახლს დაუბრუნდა. ახლა ხომ მას ის აქვს, რაც ყოველთვის უნდოდა.
 გამძაფრებული სიჩუმის ფონზე კიდევ უფრო დიდი იდუმალება ჩამოწვა. დედამიწის გულს ბიჭის გულისცემასთან ერთად შეუწყვიტავს ფეთქვა და დამშვიდობებია განახევრებულ მთვარეს. ახლა უკვე აღარ  ძლიერი ქარის. გარშემო მიმოფანტულმა გაუდრეკელმა ქვებმა ფშვნა დაიწყეს, თითქოს ბუნების ეს დარდი მათაც მიიღეს გაქვავებულ გულზე, მაგრამ ვერ გაუძლეს ამ მწუხარებას. მომყვირალი ცხოველები დადუმებულან; ისინი უკვე აღარ მოელიან გამოკეთებას — ყველაფერი ფერფლად გადაქცეულა და უკვე შეუძლებელია ფერფლიდან სახლის აგება. ან შესაძლებელია, მაგრამ ფერფლისგან ანაგები სახლი აუცილებლად შემოიტანს წარსულის კვალს, ხოლო წარსულის ნიშანწყლის სამართლიანობას თავს ვერავინ აარიდებს. 
 ბუნებას დაუკარგავს თავისი არსი და მნიშვნელობა; დაუკარგავს ერთადერთი შვილი, რომელსაც მისი დარდი ესმოდა და განიცდიდა. დაუკარგავს ვარსკვლავი, რომელიც შინაგანად ძალიან კაშკაშებდა, ხოლო გარეგნულად, ღამის ცის ფონზე, თითქმის მთლიანად გაუჩინარებულიყო.
ობიანი პური

 იმის გასაგებად, თუ როგორ შეიძლება ადამიანი ამ უკიდურესობამდე მივიდეს, უნდა იცოდეთ, ვინ იყო ეს ბიჭი. ის სოფელ არქმედში დაიბადა. მშობლებს წინაპრების საპატივცემულოდ ტირიონი დაურქმევიათ. ძალიან მცირე ასაკში მამა უკურნებელი სენით გარდაეცვალა; მალევე დედაც მიჰყვა – მეუღლის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს ვერ გაუძლო. ბებიას ბავშვის აღზრდა საკუთარ თავზე აუღია, მაგრამ მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვისას ტირიონს იშვიათად თუ აქცევდა ყურადღებას. ტირიონი პატარა იყო და ვერ აცნობიერებდა დანაკარგს; ვერ ხვდებოდა, რომ ეს პატარა ბზარი ზრდასრულობაში გულის კედლებს ჩამოუშლიდა და დაუმსხვრევდა. ისე გამოვიდა, რომ ტირიონს არავინ ჰყავდა ჭკუის დამრიგებელი და დამხმარე, რომელიც ამ უდაბურ სამყაროში გზას გაუკვალავდა. ჯერ კიდევ მცირეწლოვანს ყელზე უთანასწორობის ჯაჭვი დასდებოდა, რომელიც მის ცხოვრებას უკითხავად აფერადებდა – აფერადებდა ცივი ფერებით, როგორც ეს უსამართლობას შეჰფერის.
 მიუხედავად მშობლების დაკარგვისა, მას ხომ გვერდით ბებია ჰყავდა. ყურადღება აკლდა თუ არა, მაინც ჰყავდა ადამიანი, ვისაც მისი გაგება შეეძლო. მაგრამ ტირიონს, მშობლებთან ერთად, საკუთარი თავიც დაკარგული ჰყავდა. ის ცხოვრობდა არქმედში, თუმცა ვერც თვითონ ხვდებოდა, სად იყო ან სად უნდოდა ცხოვრება. ტირიონი ხავსმოდებულ ხეს ჰგავდა; ხავსს დრო სჭირდება, რომ ხეს მოედოს, შეასუსტოს და წააქციოს. არც ტირიონის შემთხვევაში ყოფილა ტკივილი ერთდღიანი – ის მას მთელი ცხოვრების განმავლობაში უხილავად ტანჯავდა.
 ტირიონი ბავშვობიდანვე მიეჩვია მარტოობას. როდესაც ბებიამ სკოლაში შეიყვანა, ის კლასის კუთხეში ჯდებოდა და კლასელებთან ერთად დასხდომაზე უარს ამბობდა. ზარის დარეკვის შემდეგაც არ ტოვებდა საკლასო ოთახს; იჯდა მერხთან და შეჰყურებდა უსასრულო სივრცეს, თითქოს არაფერში ეპოვა სიმშვიდე. მასწავლებლები ხშირად უბრაზდებოდნენ უყურადღებობის გამო. ტირიონი სინამდვილეში ძალიან ყურადღებიანი იყო, ოღონდ არა იმ საკითხების მიმართ, რომლებსაც მასწავლებლები ხსნიდნენ, არამედ იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ დაეხსნა თავი უხილავი ტვირთისგან. სკოლა მას არ უყვარდა არა იმიტომ, რომ სიყვარული არ შეეძლო, არამედ იმიტომ, რომ კლასში ყოფნა უცნაურ გრძნობას ჰგვრიდა – თითქოს ამ ხალხმრავლობაში ყველასგან მივიწყებული იყო. 
 იშვიათად თუ ნახავდით ტირიონს მოლაპარაკეს; ეტყობა, უჭირდა ადამიანებთან კომუნიკაცია. ხშირად ამბობდნენ მასზე: „ტირიონს ენა დაუკარგავს და ვერას ამბობსო“. მაგრამ ტირიონს ენა არ ჰქონდა დაკარგული, უბრალოდ, ის სულ სხვა რამისთვის იყენებდა მას — ამ უთანასწორო ცხოვრების გემო რომ გაეგო, თუმცა ამას მაინც ვერ ახერხებდა. ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ ტირიონის ხასიათი და კომუნიკაციის უუნარობა, ხმას არ სცემდნენ მას; იცოდნენ, რომ მისგან მაინც ვერაფერს გაიგებდნენ. ვინც მას არ იცნობდა, უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა — ტირიონი მას ცივი თვალებით შეჰყურებდა, როგორც მტაცებელი ნადავლს. მიუხედავად იმისა, რომ ტირიონი ადამიანებს არ ესაუბრებოდა, მას სხვა ვინმე ჰყავდა, ვისაც გაენდობოდა — საკუთარი თავი. სათქმელს მას უზიარებდა და ბჭობდნენ ერთმანეთში განუწყვეტლივ, დღე და ღამე.
ტირიონს იშვიათად ნახავდით მოლაპარაკეს და კიდევ უფრო იშვიათად — მომღიმარს. სამყაროს წინააღმდეგ მებრძოლ ტირიონს ღიმილისთვის დრო არ ჰქონდა; ყოველ შემთხვევაში, საკუთარ თავს ასე აჯერებდა. თუმცა მისთვის დრო ნამდვილად არ იყო პრობლემა — ღიმილი სიამოვნებაა, ცხოვრებით ტკბობაა, ტირიონს კი არ შეეძლო ამ ნეტარების შეგრძნება, უფრო სწორად, თავს არ აძლევდა ამის უფლებას. არადა, ეს ერთ-ერთი წამალია რთულ მომენტებში, რომლითაც ადამიანები ტკივილს იქარვებენ. ტირიონს ვერ განიკითხავდი ამ დანაკლისით, ეს მისი დანაშაული არ იყო.
 ერთხელ, როდესაც ტირიონი სოფელში ნელი ნაბიჯით სკოლისკენ მიემართებოდა, უცნაური ამბის მოწმე გახდა: მეწისქვილეს მიტოვებული ძაღლებისთვის ობიანი, ქვასავით მაგარი პურის ნატეხი გადაეგდო. მოშიებულ ძაღლებს პური ვერ გაეყოთ და ერთმანეთს წაკიდებოდნენ. ზოგიერთს სულაც დავიწყებოდა, რატომ დაიწყეს ღრენა და ისე გაბოროტებული თვალებით შეჰყურებდნენ ერთმანეთს, რომ მათი დაშოშმინება შეუძლებელი ჩანდა. პურის ნატეხი კი ამ ბობოქარ ქარცეცხლში ჩუმად გაუჩინარდა. საბოლოოდ, ერთმანეთს გადამტერებულ ძაღლებს გასაყოფი არაფერი დარჩათ და იქაურობას მშივრები გაეცალნენ. ამ შეხლა-შემოხლის შემდეგ ყველა ძაღლს დავიწყდებოდა მტრობა და ისევ ჩვეულებრივისამებრ დაუწყიათ ყეფა საქათმიდან ახლად გამოშვებულ ქათმებისთვის. იქიდან კი პატრონი გამოეპასუხებოდა და წყევლიდა: „იქნებ ვინმემ მიხედოს ამ წყალში გადასაგდებ ძაღლებსო!“. 
 ტირიონი კი მთელი გზა ამაზე ფიქრობდა და საკუთარ თავთან განიხილავდა ამ ამბავს: როგორ შეუძლიათ ძაღლებს, ერთი პატარა და თანაც ობიანი პურისთვის ერთმანეთს შავი დღე დააყარონო. ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ეს ბრძოლა მუცლის ამოსავსებად მხოლოდ მათ მოუტანს ზიანს და კარგს არაფერს უქადის მათ მომავალს? განა ღირს ეს წუთიერი სიამოვნება ერთმანეთის დაკარგვის ფასად? — ეკითხებოდა საკუთარ თავს ტირიონი.
 გაკვირვებული იყო, როგორ შეუძლია მცირე სიამოვნებას, სიყვარული სიძულვილით, სიკეთე კი ბოროტებით შეცვალოს. როდესაც ტირიონმა ეს ფიქრი საკუთარ თავს გაუზიარა, ასეთი პასუხი მიიღო: „იქნებ ამ მცირე სიამოვნებამ არა თუ შეცვალა, არამედ გააღვიძა მათი ცხოველური და მტაცებლური ინსტინქტები? მართლა გგონია, რომ მათ ერთმანეთის გვერდით დგომა სურთ და უხარიათ? მართლა გგონია, ერთმანეთის მიმართ მეგობრულად არიან განწყობილნი? ეს ყველაფერი ილუზიაა. ისინი ერთად მხოლოდ იმისთვის დგანან, რომ ამ სამყაროში გადარჩნენ“. ამის გამგონე ტირიონმა აღარ იცოდა, რა ეთქვა.
 ერთხანს ფიქრობდა, იქნებ მართლაც ასეაო. ცდილობდა, არგუმენტი მოეყვანა და შეპასუხებოდა საკუთარ თავს, ოღონდაც ეს მწარე რეალობა არ ეღიარებინა. მაგრამ აღიარება მაშინ მოუხდა, როდესაც საკუთარმა „მე“-მ უთხრა: „ნუთუ ვერ შეამჩნიე, რომ მშიერი ძაღლები პაექრობის შემდეგ ერთმანეთში ისე გადი-გამოდიოდნენ, თითქოს ცოტა ხნის წინ ერთმანეთი პატარა პურის სანაცვლოდაც არ შებრალებოდათ? ეს მათი ბუნებაა. ისინი ერთმანეთს არ დაინდობენ, თუკი ამით სულ მცირე სარგებელს მაინც ნახავენ“. ტირიონი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ეს მართლაც ასე იყო და მათ ერთმანეთის მიმართ მხეცური დამოკიდებულება ჰქონდათ. 
 ის ცდილობდა, ეს დამოკიდებულება სხვა ცხოველებისთვისაც დაეკავშირებინა, მაგრამ — უშედეგოდ. დიდხანს ფიქრობდა, კიდევ ვის შეიძლებოდა ჰქონოდა ერთმანეთის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება. არადა, პასუხი ნათელი იყო, თუმცა, შესაძლოა, აქაც გაუჭირდა ჭეშმარიტების აღიარება და სიმართლის ფანჯრებს ფარდა ააფარა. ძნელია აღიარო სიმართლე, რომელიც ამ სამყაროს ბნელ მხარეს წარმოაჩენს, მაგრამ ეს ხომ ვიღაცამ უნდა შეძლოს, რათა ამ უსასრულოდ ბოროტ მორევში საკუთარი თავიც გადაარჩინოს და სხვებიც.
 ტირიონს ჰქონდა უნარი, დაენახა სამყაროს უხილავი მხარე, მაგრამ არ ჰყოფნიდა ძალა, გამკლავებოდა მას. თუმცა ესეც კი ბევრს ნიშნავს — ადამიანთა უმეტესობა ხომ ამ რეალობას ვერ ხედავს; ისინი გაუაზრებლად სჯერდებიან საკუთარ სურვილებსა და მოთხოვნილებებს. ტირიონს კი ამ უფსკრულის დანახვა შეეძლო, მაგრამ რისთვის? საკუთარი თავისთვის? თუ სხვებისთვის?
 სკოლაში მისული ტირიონი მდუმარედ შევიდა საკლასო ოთახში, დასკუპდა და მიაშტერდა იმ უკიდურეს წერტილს, რომლისთვისაც მზერა ვერ მოეწყვიტა — მზის სხივები ეცემოდა ფანჯრის რაფაზე შემოდებულ ყვავილებს, რომელთა ჩრდილიც, მზის მოძრაობის კვალდაკვალ, ფორმას იცვლიდა, თითქოს ყვავილების რეალურ სახეს გვიჩვენებსო. ხმაურიანი კლასი ტირიონის მღელვარე ფიქრების ფონზე თითქოს დუმდა. გამაყრუებელი აზრები ბიჭს მოსვენებას არ აძლევდა, მის მთლიან სხეულს მოსდებოდა და სათითაოდ უწყვეტდა სიმშვიდის ძაფებს. ტირიონი თავის გაუსაძლის ტკივილს გრძნობდა; ფიქრებს გზა ისე არეოდათ, თავადაც უჭირდა გაეაზრებინა, რაზე ფიქრობდა. 
 ბიჭი გაოგნებული იჯდა მერხთან. თანატოლებს შეჰყურებდა და ძალიან უჭირდა ეღიარებინა, თუ ვინ იმალებოდა მათ მიღმა. ისინი ერთმანეთს ხელს ართმევდნენ, თუმცა იმავე ხელებით ზურგს უკან ჭრილობებს აყენებდნენ; იღიმოდნენ, მაგრამ ღიმილის მიღმა დაღლილი სიძულვილი იმალებოდა. პირისპირ ერთმანეთზე დადებითად საუბრობდნენ, არადა, მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდათ — დიალოგი მალე დაესრულებინათ და ერთმანეთზე უარყოფითი ეთქვათ. ამ დაკვირვებაში დრო სწრაფად მიილია.
სახლში დაბრუნებული ტირიონი ბუხარს მიუჯდა და ავარვარებულ ალს მიაშტერდა. შეშას ცეცხლი წაკიდებოდა და ტკივილისგან თითქოს კრუსუნი გაჰქონდა. ცეცხლი ერთი ნაჭრიდან მეორეზე გადადიოდა, წვავდა მათ და მხოლოდ ფერფლს ტოვებდა. ბიჭი დიდხანს შეჰყურებდა ამ „ტანჯვის მანქანას“, რაც ბებიას ეუცნაურა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცნობდა შვილიშვილის ხასიათს.
— ტირიონ, რაზე ფიქრობ? — ჰკითხა მან.
განა ტირიონმა იცოდა, რაზე ფიქრობდა? ფიქრების უღრან ტყეში დაკარგულიყო და გასასვლელს ვერ პოულობდა. ერთხანს დადუმდა, ფიქრობდა, რა ეთქვა. გაიფიქრა —„სიმართლე რომ ვუთხრა, ჩემგან ცეცხლი მასაც გადაედება და დაიტანჯებაო“. ეს, რა თქმა უნდა, არ უნდოდა, ამიტომ სიმარტოვე ამჯობინა და გაკვირვებულ ბებიას მოკლედ უპასუხა:
— არაფერზე.
არადა, სწორედ ეს „არაფერი“ კლავდა მას შინაგანად.
(არაა ჯერ დასრულებული და ალბათ არც დასრულდება)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი