უტოპია
დღეს დასავლეთით მზე აღმოცენდა, იქ სად უბედურთ არ ედგათ ფეხი. იქ სად სიხარულს შთაენთქა სევდა, იქ სად არ იყო წვიმა და მეხი. დღესდღეისობით იდგა ზამთარი, ველად კი იდგა ყვავილთა გუნდი. შენ მოგენატრა შენი მთა-ბარი, თუმც ძველ სამყაროს ვერ დაუბრუნდი. უკან გინდოდა, რადგანაც ამ დღეს ირგვლივ მოჩანდა ყოველი ფუჭად. ხალხი სიავით უცქერდა დამდეგს, ხალხი შეკრული ერთიან მუშტად. ხალხი ერთფერი - კაციც და ქალიც, ერთად ეძებდა ძველისძველ ტკივილს. ერთფეროვნებით ასე შემცბარი, კვლავ აგრძელებდა მშფოთვარე კივილს. მობეზრდათ ჭამა, მობეზრდათ ლხინი, მობეზრდათ მშვიდი თანაცხოვრება. ხალხს მოენატრა ბრძოლა და ჟინი, და კვლავ ერჩივნათ გამათხოვრება. თუმცა საწადელს ვერ მიაღწიეს, ვერ მოიშორეს თავიდან სევდა. და იქ სხივებმა ვერ შეაღწიეს, სად დასავლეთით მზე აღმოცენდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი