მარტოობაა თავად ხელოვნება...


ადამიანი, როგორც საკუთარი ცხოვრების ხელოვანი.


ჩემი აზრით, ადამიანის მოსმენისა და გაგების უნარი — ესეც ხელოვნებაა.
ქუჩაში მარტო სიარული და ფიქრი თუ გიყვარს, ესეც ხელოვნებაა.
მარტოობაა თავად ხელოვნება...

  ადამიანი მარტოსული არსებაა, მაშასადამე, ადამიანი ბუნებით ხელოვანია. ზოგადად, ადამიანი მარტოა — მას თავისუფალი ნება გააჩნია და ყველა გადაწყვეტილება მარტომ უნდა მიიღოს. ადამიანი მარტოა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დამოუკიდებელი ინდივიდი და პიროვნებაა. ადამიანი კი ერთი პიროვნებაა და არა ორი ან მეტი.

  ადამიანის შინაგანი სამყაროს მიუწვდომლობას, მისტიკურ ბუნებასა და მარტოობის არსს გალაკტიონ ტაბიძეც ნათლად გამოხატავს:

"მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.

იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!"

  როდესაც ადამიანი თავის ფიქრებთან მარტო რჩება, ზოგჯერ სწორედ ეს მომენტია გარდატეხის წერტილი მის ცხოვრებაში. შემოქმედება კი ხშირად პიროვნების იმ მარტოსულ, ინტიმურ სამყაროში იბადება, სადაც სხვა ინდივიდს თავისთავად შეღწევა არ შეუძლია.

  მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვაოთ ბუნებითი მარტოობა და განმარტოება. მარტოობა ადამიანის არსებობის თანმდევი, ეგიზსტენციალური მოცემულობაა, რომელიც ინდივიდუალობასა და თავისუფალ ნებაში ვლინდება. განმარტოება კი არის გაცნობიერებული ნებელობითი აქტი, რომელიც გულისხმობს საზოგადოებისგან დისტანცირებასა თუ გამოყოფას. განმარტოება არ წარმოშობს მარტოობას, არამედ ის ეხმარება პიროვნებას რომ გააცნობიეროს და შეიცნოს საკუთარი ბუნებითი მარტოობა, დამოუკიდებლობა, პირადი პასუხისმგებლობა და შინაგანი სამყარო. 
  ამრიგად, განმარტოება შეიძლება განვიხილოთ, როგორც თვითშემეცნების საშუალება, ხოლო შემოქმედება — როგორც ამ ინდივიდუალური სამყაროსა და ყველასგან დამოუკიდებელი თავისუფალი ნების გამოხატულება. 


09.11.2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი