მე, მთვარე და მზესუმზირა


მთვარევ, ნეტავ იცოდე, თუ როგორ კაშკაშებ მაშინ, როცა შორეულ მზესუმზირას დაჰყურებ ციდან. როგორ საყვარლად განიცდი მისგან სიშორეს, მასთან შეუხებლობას, მის უკარება ხასიათს. როცა ამ სამყაროში გზააბნეული იყავი, სწორედ მასთან შეხვედრა იყო ის, რამაც ბილიკები გაგისწორა. შენ მას უცქერდი დაჟინებით, თვალმოუშორებლად. მისი თანამგზავრი გახდი. რამდენჯერ ახვედით მომავლის ცათამბრჯენზე თქვენ ორნი ერთად, თუნდაც მეტნი! როგორი უბრალო, გულწრფელი და ბავშვივით წმინდა იყავი ამ საქმეში. ალბათ როგორ საყვარლად, ბავშვურად და წრფელად მოსჩანდი მაშინ, როცა მან პირველად შემოგხედა (ნეტავ შემძლებოდა შენი სახის დანახვა ამ დროს!), მაგრამ რას წარმოიდგენდი, რომ ასე მალე დაიმსხვრეოდა ეს წყებად ნაგები ოცნებები? რას იფიქრებდი, რომ ის, ვისთან ყოფნის დროსაც სულიერ აღმაფრენას განიცდიდი, იქნებოდა მიზეზი შენს თვალებზე გაჩენილი ნაპრალებისა? შენ კი ისევ და ისევ დგახარ ცაში და ფრთხილად, აუჩქარებლად, თითქმის უიმედოდ, მაგრამ მაინც იმედის ნაპერწკალით გულში, დაჰყურებ სანატრელ, შორეულ ოცნებას...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი