რა მესიზმრება მუდმივად


რა მესიზმრება მუდმივად
ია - 15 წლის 
ლალი - 18 წლის, იას უფროსი  და
თემური - 70 წლის, კოჭლი
ნიკო - 18 წლის 
გიორგი - ლალიკოს და იაკოს მამა
ნანა - ლალიკოს და იაკოს დედა
დავითი



I
მატარებელში


ია
ახლა სად მივდივართ?

ლალი
 არ ვიცი…

ია
დედამ რაო? 

ლალი
არ ვიციო…

ია
მამაზე? მამაზე რაო?

ლალი
მამაზეც არ ვიციო, არაფერი ისმისო. 

ია
მამანა დეიდა რას ამბობს? ზურას წერილი მიუღია, კარგად ყოფილა. ზურა კარგადაა, მამაც კარგად იქნება. 

ლალი
კარგად იქნება ია. 

ია 
ლალიკო… გადავრჩებით ლალი? 

ლალი
არ ვიცი იაკო

ია
სად მივდივართ?


ლალი
არ ვიციი, არააა 

ია
და დედიკომ? დედიკომ რა თქვა

ლალი
…დედამ კარგად ვიქნებითო

ია
მამაც ო?

ლალი
კი ო, კარგად იქნებაო და მანანა დეიდაც მაგას ამბობს, სადაც ზურიკოს წერილი მოვიდა და კარგად არისო, იქაც მამათქვენის წერილიც მოვა, ალბათ გზაშიაო და მშვიდად იყავითო…

ია 
ლალიკოო… იცი მუდმივად რა მესიზმრება?

ლალი
რა გესიზმრება?

ია
რომ სახლში ვართ, ჩვენთან, იქ. და როდესაც გარეთ გავდივარ და მეზობლების სახლებს ვუახლოვდები ვერ მცნობენ, მუდმივად სხვა ხალხი მხვდება. პასუხს არ მცემენ, თავს მარიდებენ. მერე მე შეშინებული გავრბივარ ხოლმე ჩვენი სახლის ჭიშკართან და ჩვენს ყურშას ვეფერები, ის მუდამ უცვლელია, სულ მხვდება და სულ მიყეფს. ეს მესიზმრება ლალი.  აფხაზეთი მესიზმრება… ყურშა ცოცხალია?

ლალი
არ ვიცი…

ია
მომენატრა ლალიკო

ლალი
ვინ მოგენატრა?

ია
ვინ და ყურშიკო. 

ლალი
ჰომ მეც, მეც მომენატრა… ოღონდ მამა და მერე ყურშიკოც. 

ია
კარგად არის?

ლალი
ხომ გითხარი, რომ არ ვიცი მანანა დეიდა ამბობს, რომ სადაც ზურიკოს წერილი მოვიდა და კარგად არის, იქაც მამათქვენის წერილიც მოვაო და არაფერზე ინერვიულოთო…

ია
ყურშიკო ლალი, ყურშიკო თუა კარგად, მამაზე ხომ მითხარი უკვე კარგად იქნებაო. 

ლალი
არ ვიცი 

თემური
იაკო, ლალიკო ბანანი გინდათ?

ლალი 
არა თემური ბაბუ, თქვენ ჭამეთ

თემური
ია, შენ გამომართვი

ია 
არც მე არ მინდა თემური ბაბუ

თემური
კარგი ბავშვებო, მე შევჭამ. არ შეიძლება ასე, თუ არ ჭამეთ, თუ არ დალიეთ, ვერ გაიზრდებით ბაბუ, ძლიერები ვერ იქნებით ბაბუ, ყველა მოგერევათ ეგრე. 

ია
ვერა თემური ბაბუა, მე ვერავინ ვერ მომერევა. 

თემური
ვიცი იაკო, ვიცი შენნაირ ლამაზ, ჭკვიან და კეთილ გოგოს ვინ მოერევა, ვინ გაბედავს მორევას.

ია
თემური ბაბუ, თქვენ მაინც ხომ არ იცით სად ვართ?

თემური
შორს იაკო, შორს…

ლალი
შორი სად არის?

თემური
აი ისე შორს რომ ზღვასაც ვერ ვხედავთ…

ლალი
მთები თემური ბაბუ, მთები ხომ ჩანს

თემური
კი ჩანს… მაგრამ…

ია
მაგრამ რა? აი ერთი მთა, აი მეორე…

თემური
ჩვენი არ არის ბავშვებო…

ია 
აბა ვისია?

(თემური ბანანს ფრცქვნის და ჭამს)

ლალი
ეჰ თემური ბაბუ თქვენი ჯემიკოც როგორი ჯიუტი აღმოჩნდა, როგორ არ დარჩა სახლში, როგორ არის, აგზავნის წერილებს? ხომაა კარგად?

ია
რატომ ტირით თემური ბაბუ, ხოა მშვიდობა, ხომაა
კარგად?

თემური
კი ბავშვებო, კი, კარგადაა. ნაღმი აფეთქებია ახლოში, ბიჭებმა მომწერეს ამას წინათ უგუნოდაა, მაგრამ სუნთქავსო, კარგად იქნებაო, რკინის გული აქვსო. ველოდები დღე-დღეზე წერილს.

ია
არ იდარდოთ თემური ბაბუ, ვაჟკაცები ასე ადვილად კი არ შავდებიან. მამაჩემი ამბობდა ასე სანამ ღმერთი არ მოისურვებს, რომ თავისთან წაგიყვანოს მანამდე არაფერი დაგიშავდებაო. ხოდა ჯერ არ სჭირსება ღმერთს ცაში, ბევრი ყავს უკვე და დაბრუნდებიან მამაც, ჯემიკოც, ზურიკოც და ყველა… უი ხო, მანანა დეიდას მოუვიდა ზურიკოს წერილი, მალე მამასიც მოვა და ჯემიკოსიც. თქვენ არ ინერვიულოთ. 

თემური
იხარე ია და იდღეგრძელე. რა დედამ გშობა ასეთი ჭკვიანი. მოდი ჩემთან. შენც მოდი ლალიკო. 

(ია და ლალი თემური ბაბუს გადაუსხდებიან, ერთი მარჯვნიდან და ერთი მარცხნიდან თავს ჩაურგავენ მხრებში. თემური აფხაზურ იავნანას მღერის. “შიშნანი”. შემოდის “შიშნანი” ჩაწერილი ვერსია და სცენაზე შუქი ნელ-ნელა ქრება. ბავშვებს ჩაეძინათ.)





II
რა ესიზმრება ხოლმე ლალიკო
(თოლიების ხმა, ზღვის ხმა, ლალი ზის ავანსცენაზე და გვირილას ეთამაშება, სადღაც ახლოს ნიკოლოზიც წევს)

ნიკო
ლა ლი კოო

ლალი
ხო ნიკო

ნიკო
ლა ლი კოოო

ლალი
რა გინდა ბიჭო

ნიკო
მოგენატრები ლალიკო?

ლალი
რას ბოდიალობ ბიჭო, სულ გადაირიე?

ნიკო
მოგენატრები ლალი, თუ არა?

ლალი
შემეშვი, თავი დამანებე

ნიკო
კარგი რა, რა გჭირს გოგო, მე რა უნდა დამიშავდეს, მე კიარ დამიწყია ეს ომი

ლალი
შენ რა გგონია, ვინებიც იწყებენ იმათ უშავდებათ რამე? ვინც არ იწყებს და მშვიდი, წყნარი და ბედნიერი ცხოვრება უნდათ ზუსტადაც მაგათ უშავდებათ. შენ რა არ გინდა?

ნიკო
რა არ მინდა?

ლალი
მშვიდ…

ნიკო
მინდა ლალიკო

ლალი
წყნარი და ბედნიერი ცხოვრება

ნიკო
მინდა ლალიკო, მაგრამ რა ვქნა, სირცხვილი არაა?
ლალი
რა არის ბიჭო სირცხვილი

ნიკო
რომ დავიმალო, არ წავიდე და შორიდან ვუყურო როგორ იღუპებიან ჩემი თანატოლები, სირცხვილი არაა?

ლალი
არააა ნიკო, არ არის…

(უხერხულ პაუზაში და სიჩუმეში ნიკო ლალიკოს სახეს ჩაუკოცნის, თავზეც ძალიან ბევრს აკოცებს.)

ნიკო
ლალი მითხარი ეხლა, მოგენატრებიი?

ლალი
თავი დამანებე 

ნიკო
აუ ლალიკოო. განა რა უნდა მომივიდეს

ლალი
მოკვდე…


(უხერხულ პაუზას და სიჩუმეს ახლა ლალიკო არღვევს და ნიკოს სახესა სა თავს უკოცნის)

ლალი
არ გინდა რა ნიკო, არ წახვიდე, შენ მე გყავარ, გიყვარვარ. მე შენ მყავხარ და მიყვარხარ. სულ იმაზე ვფიქრობ, რომ შვილები გვეყოლება ოდესმე, ორივე ბიჭი, ერთს მამაშენის სახელს დავარქმევთ, მეორეს მამაჩემის ნიკო. არ უნდა წახვიდე, საშიშია, მეშინია, თუ წახვალ კიდე ჩემს გარეშე არსად წახვალ…

ნიკო
ნუ სულელობ გოგო…

ლალი
არ წახვალ ნიკო, მომენატრები აბა რა იქნება, სულ შენზე მეფიქრება და რომ წახვიდე ეს ფიქრები შემჭამენ და გამაშავებენ. 

ნიკო
ლა ლი კოო, მეც მომენატრები გოგო. მაშინ ოთხი შვილი გვყავდეს, ორიც გოგო, ერთს დედაჩემის სახელი დავარქვათ და მეორეს დედაშენის ლალიკო, რომ დავბრუნდები მერე ოღონდაც. არაფერი მომივა, პირობას გაძლევ, თუ არ დავბრუნდი, ანუ არც მყვარებიხარ ლალიკო, შენს გამო დავბრუნდები ლალიკო და ცოლადაც მოგიყვან. შინ აუცილებლად დავრბუნდები. აჰა, გამომართვი ეს ლექსი შენთვის დავწერე

ლალი
ლექსების წერა როდიდან დაიწყე?

ნიკო
პირველად დავწერე გოგო, არ დამცინო, არ შემარცხვინო. 

(ადგება და ზღვაში ქვებს ისვრის)

ლალი
ლალიკო ლალიკო ლალიკო
მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ
მომენატრები მომენატრები ლალიკო
მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ. 

ნიკო ეს რა არის? ეს რანაირი ლექსია

ნიკო
კარგი რააა, ხომ გთხოვე არ დამცინოთქო

ლალი
არაუშავს ნიკო, მთავარი რითმა ხომ არ არის, მთავარი ხომ სიტყვები და გრძნობებია

ნიკო
ხოო… ლალიკო… ადექი. ჩემთან მოდი. აგე გაიხედე. რამეს ხედავ?

ლალი
კი, ზღვას

ნიკო
კიდევ?

ლალი
ცას

ნიკო
კიდევ?

ლალი
ღრუბლებს

ნიკო
კიდევ?

ლალი
მზესაც 

ნიკო
კიდევ ლალიკო?

ლალი
თოლიებს ნიკო. შენ რას ხედავ

ნიკო
აფხაზეთს ლალიკო… 

ლალი
კიდევ რას ხედავ

ნიკო
საქართველოს ლალიკო

ლალი
კიდევ თუ ხედავ რამეს?

ნიკო
ჩვენს თავებს, ჩვენს შვილებსა და მათ მომავალს, ჩვენ სახლს, ჩვენს მშობლებს და ჩვენს ენას. შენ გხედავ. თემური ძიას ვხედავ. ზღვასაც ვხედავ, მზესაც, ცასა და ღრუბლებსაც. იმ თოლიებსაც ვხედავ, რომლებიც აფხაზეთის ნაპირებს არ ტოვებენ. ღამღამობით მთვარესაც ვხედავ, ვარსკვლავებსაც. ლალიკო გაიღიმე. მე კი წავალ, მაგრამ შენ მუდამ გაიღიმე, ღიმილი შენი იმედი იყოს, რომ დავბრუნდები. 

ლალი
სირბილი იცი?

ნიკო
რა? 

ლალი
სწრაფად სირბილი თუ იცი

ნიკო 
კი ვიცი 

ლალი
ხოდა აი ეს შენ და მიდი ეხლა და მზდიე

ნიკო
უხ ლალიკოოო, თუ დაგიჭერრ, ისეთ ამბავს დაგაწევვ. 

(ლალიკო თმას მოწიწკნის და გაიქცევა, ნიკოც გაყვება)


III
რა ესიზმრება ხოლმე იაკოს.
(სცენაზე ერთი პატარა მრგვალი ნათება ურტყამს, იაკო სწრაფი ნაბიჯებით შემოდის, სკამს მოკიდებს ხელს, დადგმას ნათებაში დაჯდება და ვხუბ ობს) 

ია
მამა? მამა სად ხარ გამეცი პასუხი. დავიღალე უკვე, ხო შეგიძლია მითხრა სად ხარ და რა ხდება. მამააა. მართლა დავიღალე და აღარ შემიძლია რა. მამააააააა. ხო აი ეგრე იცით მამებმა. ადგებით, შვილებს დატოვებთ და ხან სამშობლოს დააბრალებთ, ხან ომს და ხან სიკვდილს. 
კარგი ხო მაპატიე. ვიცი. ვიცი არ არის შენი ბრალი და ისიც ვიცი, რომ შენც გენატრები. მაპატიე, უბრალოდ ვნერვიულობ გესმის? ძალიან ვნერვიულობთ. მეც, ლალიკოც, დედაც და ყველა. სადღაც მივდივართ მამა, ოღონდ არ ვიცი სად. ყველანი მატარებელში ჩაგვყარეს და სახლს მოგვაშორეს, ისიც არ ვიციღთ სად მივდივართ. 

(ია ამოიღებს ანკესს და თევზაობას დაიწყებს. შემოდის გიორგი თავისი სკამით)

ია
მამააააა თევზიიიიი ფართხალეეეებსსსს ჰაჰაჰაჰაჰაა 

გიორგი
ყოჩაღ ია. რა მაგარი გოგო ხარ. ეხლა უნდა ამოიყვანო მიდი აბა

ია
ეგ როგორ უნდა ვქნა 

გიორგი
აი ეს დაატრიალე და ეცადე, რომ თან ზემით-ზემოთ ამოქაჩო და თან შენსკენ. მიდი აბა ია

ია
როგორო? აი ასე?

გიორგი
არა არა მომეცი. 
აიიი ასეეე

ია
თეეევზოოოოო. ოქროსფერია?

გიორგი
არა იაკო შეხედე

ია
აბააა სურვილებიო?

გიორგი 
გაახილე თვალები და ნახავ რომ შავი ულვაშებიანი თევზია

ია
ეეეე. მომეცი დავიჭერ. გამარჯობა თევზო, მე ია ვარ…

გამარჯობა თევზო, მე ია ვარ…
გამარჯობა თევზო, მე ია ვარ…

გიორგი
ამდენჯერ რატომ ეუბნები

ია
ე აბა ამათ ხო სამ წამში ყველაფერი ავიწყდებათ და რომ არ დავავიყწდე

გიორგი
კარგი რა. მომეცი, ჩააგდეე. 

ია
ხო მაგარი ვარ მამა. 

გიორგი
კი ნამდვილად. ასეთი პატარა გოგო რომ თევზებს იჭერს, იმას ნიშნავს, რომ ძალიან მაგარი ხარ. 

ია
ხო რაა. უბრალოდ ის ვერ გავიგე ეს სატრიალო რა საჭიროა

გიორგი
ნელ-ნელა ყველაფერს გაიგებ. ცოტა ხანი დადე ეხლა ეგ ანკესი. ბანანი გინდა? გამომართვი. 

ია
არა არ მინდა მა

გიორგი
კარგი. მისმინე. ომი ხომ იცი რა არის. 

ია
კი, როგორ არ ვიცი. ძაან ცუდი როა ხო

გიორგი
მაგაზე ბევრად ცუდია იაკო. 
შენ ის თუ იცი ომში რატომ მიდიან

ია
კი მა, როგორ არ ვიცი. ბოროტების დასამარცხებლად ხო?

გიორგი 
ქვეყნის დასაცავად. ოჯახის დასაცავად. 
და შენ თუ იცი ვინები მიდიან

ია
კი, როგორ არ ვიცი მამა. ყველა ვისაც თოფები უყვარს

გიორგი
ვინც მამაცია და არ ეშინია სიკვდილის. ვისაც ოჯაიხ უყვარს და სამშობლო. ეგეთები მიდიან ომში ია

ია
მამა. არა

გიორგი
რა არა იაკო

ია
არა და მორჩა. 

გიორგი
რა მორჩა?

ია
მამა არ წახვალ და მორჩა. 

გიორგი
ია…

ია
არ გაგიშვებ მამა, ტყუილად მელაპარალები. შენს გარდა ბევრი კაცი და ქალია, ამიტომ არსად არ წახვალ. 

გიორგი
ზუსტადაც ია, ჩემს გარდა, რომ ამდენი კაცი და ქალია, მე სახლში რა გამაჩერებს გოგო. მეც იქ უნდა ვიყო. მეც იქ მიმიწევს გული. მეც იქით მექაჩება სისხლი და ხორცი. აბა როგორ გავჩერდე ასე. 

ია
არაა მამა. არსად წახვალ შენ და გაჩერდი ეხლა. აღარ ახსენო ეგეთი რამე. მერე მე? დედა? ლალიკოო? ჩვენ ყველა ერთად? შენ რომ რამე მოგივიდეს… სულ გადაირიე შენ რომ რამე მოგივიდეს მერე რა ვთქვა მამაჩემი ომში გავუშვი და… ომში გავუშვი და მომიკლესთქო? ჰა? მიპასუხე. როგორ ვაპატიო ჩემს თავს ეგ. არსად არ გაგიშვებ. არ მაინტერესებს. სხვებმა რაც უნდათ ის ქნან. შენ სახლში იქნები ჩვენთან. მალე მორჩება ისედაც ეს ომი და აღარ გახდება საჭირო შენი წასვლა. ისედაც ბევრი წავიდა. ვითევზაოთ. ვინადიროთ. ვისეირნოთ. ვილაპარაკოთ. ყველაფერი ვქნათ მამა, ოღონდ შენ და დედა იყავით სულ ჩვენთან და ყველაფერი ვქნათ

(შუა მონოლოგში სცენაზე შუქი ქრება. მონოლოგის ბოლოს ისმის თემურის ხმა
სცენაზე ია და ლალიკოა)

თემური
იააა. იააა. რა გჭირსს იაკო. დამშვიდდი. დაწყნარდი ბაბუ. რა ხდება იაკო გამაგებინე. 


ლალი
რა ხდება თემური ბაბუ, რატო გაგვაღვიძე

თემური
შენს დას შეხედე. სულ სველია და სახე სულ დაკაწრული აქვს. ძილში რაღაცებს ბუტბუტებდა და ხელებს და ფეხებს იქნევდა. დედათქვენს დავუძახე შიშისგან. 

ლალი
იააა. იააა გაიღვიძე იაკოოოოო. 

ნანა
რა ხდება შვილებო. რა ამბავია. იაკოო. იააააა. რა ხდება დედა. რატომ ხარ სველი. სახე რას გიგავს დედა. რა დაგესიზმრა. იაკოო 

ია
დედა. 
თევზებს მართლა სამ წამში ავიწყდებათ ყველაფერი?

ლალი
ისევ მამა დაგესიმზრა იაკო?

ია
კი ლალი.  სხვა რა უნდა დამესიზმროს. მუდამ მამა მიდგას თვალწინ. 

ნანა
შენ გაიხარე ჩემო შვილო. ეს რა დღეში ვართ. რაა ცხოვრება მამა თუ გენატრება ბავშვს, ან დედა. ეგ რა ცხოვრებაა, მაგრამ შენ ნუ იდარდებ ჩემო იაკო დაბრუნდება მამა. 

თემური
ხო აბა რას იზამს ბაბუ

ია
ხო დედა, დაბრუნდება. დე შენ როგორ ხარ. 

ნანა
რა ვქნა დედა. ველოდები რა მოხდება. ამ მატარებლის ხრიგინში და ხმაურში სულ დავკარგე გონება. 

ია
სად მივიდვართ?

ნანა
არ ვიცი ია. 

(მატარებელი გაჩერდება და ქაოსის, ქოთქოთის ხმა ისმის)
ნანა
თემური ძია რა ხდება

თემური
არ ვიცი ნანა, წავალ გავარკვკვევ

ია
დეე, მივედით?

ნანა
სად იაკო, სად მივედით

ია
არ ვიცი, დედა, სხვაგან

ნანა
არა იაკო, დამშვიდდი და  თემური ბაბუა გაარკვევს რა მოხდა

ლალი
ძალიან მცივა დედა

ნანა
აჰა ლალიკო, გამომართვი ჩემი ქურთუკი

თემური
არაა კაი ამბავი

ნანა
რა ხდება თემური ძია

თემური
გაფუჭდაო მატარებელიო, ფეხით მოგიწევთ წასვლაო

ნანა
სად თემურ, სად უნდა წავიდეთ

თემური
სვანეთში, პატარა სოფელია, თავის შეფარება შევძლებთო, ცოტა მოშორებით კი არის, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს

ნანა
კარგი, სხვა რა გზა არის, ია, ლელა მოკიდეთ ერთმანეთს ხელი და ჩავიდეთ.


ლელა
კარგი დედა, ავიღებ ნივთებს, მოვაგრობებ და ჩამოვალ, მანამდე თქვენ გაარკვიეთ კარგად სიტუაცია

ნანა
კარგი ლელაკო, მალე ქენი ქვემოთ ვიქნებით

თემური
წამო ბაბო

(ია, ნანა და თემური ჩადიან, ლელა რჩება და ნივთების შეგროვებას იწყებს. პროცესში შემოვა ნიკო და ლალის თვალებზე ხელს ააფარებს)

ნიკო
აბა ვინ ვარ ლალიკო

ლალი
ნიკო? ნუ სულელობ ბიჭო. შენა ხარ.

ნიკო
მე ვარ ლალიკო. მე ვარ. როგორ ხარ?

ლალი
აქ რა გინდა ბიჭო. საიდან მოხვდი აქ.

ნიკო
ჩემი ლექსი ხომ თან გაქვს?

ლალი
კი აქ მაქვს

ნიკო
ხოდა სანამ ჩემ ლექსს დაატარებ, მე მუდამ შენთან ვარ და მუდამ მოვალ ლალიკო

ლალი
როგორ მომენატრე ბიჭო. შენ როგორ ხარ გამაგებინა, რასა შვები. იქ რა ამბებია. მამაჩემი თუ ნახე, ან რა ისმის მოვიგებთო? დავბრუნდებითო?

ნიკო
კარგად არის ყველა ლალი. ისეთი პირი უჩანს რომ ომსაც მოვიგებთ და ყველა მშვიდობით დაბრუნდება შინ. ბიჭები თავს არ ზოგავენ ლალიკო. მე და ჩემი კლასელები გვერდიგვერდ ვიბრძვით. ხან ვმღერით, ხან ვცეკვავთ კიდევაც, არ ვიწყენთ და არც ვუშინდებით. ხომ იცი ლალიკო, ასეთები ვართ ქართველები... 

ლალი
გაიხარე ნიკო. შეხედე რა დღეში ვართ, ამ ყინვაში, ფეხით გვიწევს წასვლა, არც ვიცით სად, მატარებელი გაჩერებულა, ან ვინ იცის რა მოხდა. იაკო, დედა და თემური ბაბუ ქვემოთ მელოდება და ნივთებს ვალაგებ

ნანა
ლალიკო რას აკეთებ ამდენი ხანი, გელოდებით ყველა ქვევით

ლალი
დედა ნიკო მოვიდა შეხედე

ნანა
ნიკო ხო ომში წავიდა ლალი

ლალი
კი დე, წავიდა და დაბრუნდა ახლა. ნიკო. ნიკო?  სად წავიდა დედა ნიკო, ახლა, ამ წუთას აქ იყო და მელაპარაკებოდა დედა. სად წავიდაა დედა

ნანა
დამშვიდდი დედა, დამშვიდდი გთხოვ ნუ ტირი, აქ არის ნიკო, აი აქ მოიკიდე ხელი. ხო აი მანდ ლალიკო დაწყნარდი გთხოვ.

ლალი
დედა ძვლის დაბრუნდა ნიკო და კიდევ წავიდა?

ნანა
წამოდი ლალი ჩავიდეთ, გზა უნდა გავაგრძელოთ. იქ დაგვხვდება ნიკოც და მამიკო. წამო კარგი?

ლალი
კარგი დედა, წავიდეთ, ბოდიში დე. უბრალოდ ძალიან მეშინია და ვღელავ. ძალიან მიყვარს ნიკო და არ მინდა რომ რამე მოუვიდეს, არც მამას დედა. მინდა რომ დაბრუნდნენ და სახლი დაგვიბრუნონ. ცოდოა იაკო ამ სიუცხოვეში, აფხაზეთია ჩვენი სახლი და თუ მოვშორდებით ჩვენც დავიკარგებით დედი.

ნანა
დავბრუნდებით ლალი, დავბრუნდებით. რისი სახლი ეგ იქნება თუ არ დავბრუნდით ჰა? წამოდი ეხლა ჩავიდეთ დიდი გზა გვაქვს სავლელი.



IV
სადაც გზა წავა...

(სცენის ცენტრში დგანან თემური, ნანა, ლალი და ია. მაყურებლებში იყურებიან. პლედები აფარიათ და შეფუთულები არიან. დაბნეულები, შეშინებულები და დაკარგულები.)

ია
სად ვართ?

ლალი
არ ვიცი

ია
დედა არც შენ იცი?

ნანა
არა ია, არ ვიცი. 

ია
თემური ბაბუ, არც შენ იცი?

თემური
სხვაგან ია

ია
არც ამ ხალხმა იციან სად მიდიან?

ლალი
არ იციან

ია
ცივა...

თემური
გამომართვი ბაბუ და ესეც მოიცვი

ნანა
წავიდეთ გავყვეთ ამ ხალხს, არ ჩამოვრჩეთ, არ დავიკარგოთ.

ია
დედა... მამას რომ რამე მოუვიდეს აქ როგორ გავიგებთ?

ნანა
ვერ გავიგ... ლელა ვიგრძნობთ დედა ხო?

ნანა
ხო დედა. ვიგრძნობთ, იმასაც ვიგრძნობთ კარგად რომ იქნება...
ია
კარგი დედა. თუ რამეს ვიგრძნობ გეტყვი

თემური
დავითთ, დავით მოდი აქ

დავითი
გისმენთ თემური ძია

თემური
დავით, გაგვაგებინე რას ვაპირებთ, სად მივდივართ

დავითი
არავინ იცის თემური ძია... არავინ... საჭმელი გველევა, სასმელიც... ყველას ცივა. ორი ქალი უჭმლობამ დამარხა, ერთი ხნიერი კაცი სიცივემ. არავინ იცის შემდეგი ვინ იქნება. არ ვიცით სად ვართ, სადაც გაზს მივყავართ იქითკენ მივდივართ. სვანეთშიო ამბობენ, სოფელია და თავს შევაფარებთო

თემური
იქ ომი არაა დავით?

დავითი
არა თემური ძია, იქ ომი არაა, სიმშვიდეა. 

ნანა
დავით ჯარისკაცებზე ისმის რამე? 

დავითი
არა ნანა დეიდა, აქ ვინ რას გაგვაგებინებს. ვინ მოგვაგნებს. თუ დაგვესიზმრება, ან თუ რამეს ვიგრძნობთ. ახლოში მდინარეა იქ შეგვიძლია გაჩერება და ცოტა ხნით თევზაობა, იქნება საჭმელი გვქონდეს რამე. 

ია
მართლა? რა მაგარია მე ვიცი თევზაობა

დავითი
მართლა იაა? რა მაგარიაა. ვინ გასწავლა

ია
მამამ მასწავლა 

დავითი 
რა კარგია, ესე იგი ბევრ თევზს დაიჭერ

ნანა
კარგი წავიდეთ მაშინ

(მიდიან, თემური იაკოს ზურგზე შეისვამს და ისე მიდიან. დიდ გზას გადიან, თოვს, ცივა, ყინავს.)

თემური
აი მდინარე იაკო, აქ შეგვიძლია თევზაობა

ნანა
სად გარბიხარ იაკო მოიცადე...

(იაკო სცენიდან გადის)

ნანა
ლალი წადი იაკოს დაეწიე რამე არ მოიწიოს

ლალი
კარგი დედა

ნანა
თემური ძია ხომ არ გავიყინებით

თემური
არა ნანა, რა გაგვყინავს, გული ხო სულ ცხელი გვექნება. წავიდეთ ახლა თევზს დავიჭერთ, ხალხსაც ვაჭმევთ, ჩვენც შევჭამთ

ნანა 
კარგი, ძია თემურ... მე, გიოგრგი, ჯემიკო... სულ დავდიოთ ბავშვობაში ჩვენს მდინარეზე და სულ ვთევზაობდით. ისეთი კარგი იყო, ისეთი ბედნიერები ვიყავით

თემური
ეჰ ჩემო ნანა. რა კარგი ბავშვები იყავით. ახლა არც გიორგია აქ და აღარც ჩემი ჯემიკო. ჩემი ჯიუტი ბიჭი. ყოველთვის დამჯერი იყო. ახლა არ დამიჯერა მაინც და მაინც. იმედია ერთად არიან ჯემიკო და გიორგი, მაგათ ისეთი ძმაკაცობა აქვთ, რა მოკლავთ... წავიდეთ ნანა, წავიდეთ...


V
გმირებიც კვდებიან ხოლმე
(გადიან. სცენაზე შემორბის ანკესით იაკო და ავანსცენაზე ჯდება)

ია
აბა თევზებო, არ დაგვტოვოთ მშივრები და მოდით ჩვენთანნ. 

გიორგი
იაკო, ჭია ეგრე არ უნდა გაუკეთო

ია
მამა? აბა როგორ უნდა გავუკეთო

გიორგი
აი ასე, უყურე.

ია
აა... ხოო... კარგი მომე, გავაგრძელებ

გიორგი
აჰა, გამომართვი. მიდი აბა თუ დაიჭერ რამეს.

ია
აი ეხლა უყურეე. ყველაფერს დავიჭერ რაც ამ მდინარეშია და მერე დამცინე

გიორგი
როგორ ხარ იაკო

ია
მე მამა? მე კარგად შენ როგორ ხარ

გიორგი
არ ვიცი... ვერ ვხვდები როგორ ვარ. მომენატრეთ. ძალიან მომენატრეთ...

ია
მეც მომენატრე მამა, ძალიან. ლალიკოსაც მოენატრე, დედასაც და ყველას. 

გიორგი
თევზი ია, ანკესი გექაჩება, ამოიყვანე თევზი

ია
გამექცა... სად მივდივართ მა?

გიორგი
არაუშავს. იმასაც სახლში უნდა და მაგიტომ გაგირბის. აბა წარმოიდგინე როგორია სახლიდან რო გამოგტყუებენ ჭიით, რომ გგონია საჭმელი იშოვე და ოჯახს წაუღებ და უცებ რომ რაღაც დაგექაჩება და ამით დამთავრდება შენი სიცოცხლე.

ია
აღარ მინდა თევზაობა. აქამდე რატომ ვიჭერდი აბა საერთოდ
გიორგი
რა საყვარელი ხარ იაკო. 

ია
ცოცხალი ხარ მა?

გიორგი
არ ვიცი იაკო, ამას თუ სიცოცხლე ქვია. გუშინ ჯემიკო ჩემს თვალწინ დაიღუპა... გმირია ეგ ბიჭი. ჩვენს სამალავში ბომბი შემოაგდეს, თხუთმეტი კაცი ვიყავით და ჯემიკო დაუფიქრებლად გაიქცა და ბომბს გადააწვა ია... ჯემიკო რომ განათდა და ხმამ ყურები დამიგუბა, რომ ავდექით ნაწილებით შევაგროვეთ ჩემი ჯემიკო. თემური ბაბუს არ უთხრა ია. ვერ გადაიტანს. ყოველ  დღე ვიღაც კვდება, გაუსაძლისი და აუტანელია უკვე აქ ყოფნა. ნელ-ნელა ყველას შიში გვიპყრობს, მაგრამ სამშობლოს სიყვარული გვაძლებინებს მა. მომენატრეთ და ეს მონატრებაც მჭამს უკვე, ღმერთის გვჯეროდეს მამა და ყველაფერი კარგად იქნება. ჩამეხუტე მოდი

ია
შენ ხო არაფერი მოგივა მა, ხო აქ ხარ შენ და აღარ მიდიხარ, შენ ხო სულ ჩვენთან ხარ მა.

(შემორბის ლალი)

ლალი
სად გარბიხარ ია. მამა?

(დაინახავს გიორგის და გაიქცევა ჩაეხუტება)

ლალი
მამაა, აქ ხარ მაა?

გიორგი
ლა ლი კოო. ჩემო დიდო გოგო. ჩემო ანგელოზო. როგორ ხარ ლალიკო

ლალი
კარგად მამა, მე კარგად, უბრალოდ გვცივა და გვშია. მეტი ისეთი არაფერი. შენ ხო ცოცხალი ხარ მა.

გიორგი
კი ლალი, ცოცხალი ვარ ჯერჯერობით, არავინ იცის რა მოხდება. იაკოს მიხედე კარგი ლალიკო?

ლალი
კი მა, მივხედავ, აბა რას ვიზამ. მომენატრე მა


გიორგი
მეც მომენატრე ლალიკო... უნდა წავიდე ბავშვებო, მთავარ სპეცოპერაციას ვიწყებთ.

(გიორგი წამოხტება, იარაღს დაავლებს ხელს და გაიქცევა)

ია
მაააა, მამააა 

ლალი
დამშვიდდი იაკოო, დაწყნარდი. გაჩერდიი. ნუ ტირიხარ იაკო. იაკოოოოო.

(შემოდის ნანა და თემური)

ნანა
რა ხდება იაკო, რა მოხდა ლალიი

ლალი
მამა იყო დე და წავიდა. იაკომ ტირილი დაიწყო და ვერ ვაჩერებ

ნანა
ჩუუ დე. დაწყნარდი, ნუ ტირიხარ გთხოვ. სად იყო ლალი მამა

ლალი
აი აქ, რომ მოვედი იაკოს ელაპარაკებოდა.

ნანა
მართლა მამა იყო ლალი? ხომ არ აგერია ვინმეში?

ლალი
კი დედა, მამა იყო

ნანა
კარგით, არაუშავს, მოდით ჩამეხუტეთ

ია
თემური ბაბუ...

თემური
ხო იაკო

ია
ჯემიკო გმირია თემური ბაბუ


თემური
ჩემო გოგო... ვინც კი წასვლა გაბედა ყველა გმირია რომ იცოდე.

ია
მართალი ხართ, მაგრამ ჯემიკო ყველაზე გმირია

(თემური ჯიბიდან ცხვირსახოცს ამოიღებს და იაკოს ცრემლებს მოუწმენდს)

ია
მამა მოკვდა.

ნანა
რას ამბობ იაკო, საიდან მოგაქვს

ლალი 
 არ მომკვდარა ია, აქ არ იყო ახლა?

ია
მამა მოკვდა

თემური
არა იაკო საიდან მოგაქვს

ია
ვგრძნობ. ვგრძნობ, რომ მოკვდა. ხომ უნდა მეგრძნო. ხოდა ვგრძნობ.

(თავს ჩარგავს ნანას კალთაში და ჩაეძინება. სცენაზე შუქი ქრება. ყველა გადის. იაკო რჩება სცენაზე. ინთება შუქი. სცენაზე მასა შემოდის. ადამიანები. იაკოს გამოეღვიძება და დაიწყებს ამ ხალხში სირბილს და მამის ძებნას.)

ია
მამააააა. მამააააააააა. გავიმარჯვეთ მამაააა. სახლში ვბრუნდებით მა. შენ ეს შეძელი მაამააა. სად ხარ მააა. დამთავრდა ომი. მშვიდობაა მამაააა. სად ხარ მამააა.

(შემორბის გიორგი და ეხუტება იას)

ია
გავიმარჯვეთ მამა. აღარ არის ომი. დამთავრდა. სახლში წავალთ მა. ყურშა მელოდება მა. ეზო გველოდება მა. მიწა გველოდება მაა. აფხაზეთი გველოდება მა.

გიორგი
გავიმარჯვეთ იაკო. თავისუფლები ვართ ყველაფერი კარგადაა. შინ მივდივართ

(ხალხი სცენაზე ქაოსს დაიწყებს, სირბილს, დაფარავენ გიორგის და იას. შუქი ქრება. ისმის ლალის ყვირილი. შემოდის სცენაზე და როდესაც შუქი აინთება გაყინული იაკო ლალიკოს მხრებში იქნება)

ლალი
იაკოოოო. იააააა. გთხოვ იაააა. რამე მითხარი იაა. თვალები გაახილე იააკო გთხოვ. ია არ მოკვდე გთხოვ იაკო. რა გჭირს ია.

(იაკო ძვლივს თვალებს გაახელს ოდნავ და ძლივს ამოიღებს ხმას)

ია
ს ს სა დდ მი ივდივ ვართ ლლ აა ლიკო?

ლალი
არ ვიცი

ია
დედამ რაო? 

ლალი
არ ვიციო…

ია
მამაზე? მამაზე რაო?

ლალი
მამაზეც არ ვიციო, კარგად იქნებაო
კარგად იქნება ია. 

ია 
ლალიკო… გადავრჩებით ლალი? 

ლალი
არ ვიცი იაკო

ია
ლალიკოო… იცი მუდმივად რა მესიზმრება?

ლალი
რა გესიზმრება?




ია
რომ სახლში ვართ. ჩვენთან, იქ. აფხაზ...

(იაკო თვალებს დახუჭავს. ისმის ლალის წივილი და შუქი ქრება)


VI
მომავალი

(სიბნელეში იწყებს თემური „შიშნანი“ ს სიმღერას, ხელში ჯემიკოს სურათი უჭირავს და ეფერება)

თემური
მართალი იყო იაკო. გმირი გამოდგა ჩემი ბიჭი. ომი რომ დამთავრდა და ჩემთან ჯარისკაცები მოვდინენ დაწვრილებით მომიყვნენ ჯემიკომ რა გააკეთა. ბომბს დაწოლია ეს საცოდავი და თოთხმეტი კაცის სიცოცხლე გადაურჩენია. აფეთქების წინ დაუბარებია მამამჩემს მიმიხედეთო. ჩემო უბედურო შვილო. ჩემო უბედურო ქვეყანავ. ჩემო აფხაზეთო...

(თემური გაშეშდება და სცენაზე ნანა შემოდის შავებში ჩაცმული და მგლოვიარე)

ნანა
მე, გიორგი და ჯემიკო ბავშვობის მეგობრები ვიყავით. მთელი ბავშვობა გიორგი მიყვარდა და ცოლადაც კი გაყვევი. ორი შვილი გავაჩინეთ ლალიკო და... ჩემი იაკო... საბრალო... ჯერ მამის წასვლა ვერ გადაიტანა და შემდეგ სიცივე... შვილი გამეყინა... ბავშვი გამეყინაა... მამა მოკვდაო რა გულმა უგრძნო... რამდენიმე დღეში გიორგის ცხედარი ჩამოასვენეს. ჩემი გიორგი და იაკო... რა ბედნიერია ჩემი ქმარი რომ შვილის სიკვდილი ვერ ნახა და რა უბედურია ჩემი შვილი რომ მამის სიკვდილი თავისი გულით იგრძნო...

(გაშეშდება. მეორე კუთხეში ლალი და ნიკო შემოდიან პატარა ბავშვით, მაგრამ ნიკო გზაში გაშეშდება)

ლალი
მამაჩემი ვერ დაბრუნდა. ვერც ჯემიკო ბიძია. იაკო დავკარგე. ჩემს ხელებში გაიყინა. პირდაპირ ჩემს ხელებში, ჩემი და... გაიყინა... გაქვავდა... გული გაუცივდა... სახე გაუთეთრდა... ჩემი პატარა და... მისი ბოლო სიტყვები აფხაზეთი მესიზმრებაო იყო... იმ აფხაზეთში მამა ესიზმრებოდა და იმ მამასთან თავისი თავი და ჩვენი ყურშიკო... ნიკო დაბრუნდა... იმის მერე დიდი ხანი გავიდა და ჩვენ პატარა ბიჭი გვყავს... გიორგი დავარქვით... 
დედაჩემი ტანიდან შავ ფერს არ იშორებს. მუდამ ტირის. ამდენი წლის მერეც. მის სახეზე ღიმილი აღარ დაგვინახავს... მეც ძალიან მომენატრეთ მამა, ია. მუდამ ჩემს გულში იქნებით...

(ლალიც გაშეშდება და შემოდის იაკო თეთრენში და ავანსცენაზე ჯდება)


ია
იცით მუდმივა რა მესიზმრება? რომ სახლში ვართ, ჩვენთან, იქ. და როდესაც გარეთ გავდივარ და მეზობლების სახლებს ვუახლოვდები ვერ მცნობენ, მუდმივად სხვა ხალხი მხვდება. პასუხს არ მცემენ, თავს მარიდებენ. მერე მე შეშინებული გავრბივარ ხოლმე ჩვენი სახლის ჭიშკართან და ჩვენს ყურშას ვეფერები, ის მუდამ უცვლელია, სულ მხვდება და სულ მიყეფს. ეს მესიზმრება, აფხაზეთი მესიზმრება… მამიკოც მესიზმრება. და თევზაობა. მაგრამ თევზის დაჭერა აღარ მიყვარს. ცოდოები არიან. რატომ უნდა მოვაშოროთ ოჯახს და სახლებს...
ცოტათი მცივა, მაგრამ ვუძლებ. ახლა ვერა, მაგრამ აფხაზეთი ოდესღაც ისევ სახლი იქნება, დავბრუნდებით და უცხო აღრავინ დაგხვდება. იცით მუდმივად რა მესიზმრება? 
აფხაზეთი.

(შუქი ქრება)

სპექტაკლის დასასრული



მეგრელაძე ლუკა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი