ფრჩხილები
(ფრჩხილებს შორის მოვექეცი, ვერ ვპოულობ გამოსავალს, აღარავინ არ კითხულობს ჩემს ასავალს ან დასავალს. თვალზე ლიბრი გადამეკრა, რა ვქნა, ვეღარ გამიგია, წესიერი რითმაც ქრება, ისიც ფრჩხილებს წაუღიათ. ვეხეთქები აქეთ- იქით, იქით- აქეთ მზაკვარ ფრჩხილებს, სასოება და ნუგეში კი შეუხრავთ ფრჩხილის მღილებს. მახსოვს ჩემი ბავშვობა და სანუკვარი, ტკბილი წლები, როცა ბაბუ მარიგებდა, შვილო, ფრჩხილებს ნუ ენდობი, ბედი უცბად გიმუხთლებს და სატანჯველად გაგიმეტებს, წამში დაგშლის ნაწილებად, გაგითელავს დიდ იმედებს. ფრაზა ფრჩხილს რად საჭიროებს? ერთ დროს ამას ვკითხულობდი, მსგავსად პირველკლასელისა, სახლში წასვლას ვნატრულობდი. ახლა არ მაქვს არც სახლი და მით უმეტეს - აღარც კარი, ნუთუ აღარ შეეპარა მტარვალ ფრჩხილებს მცირე ბზარი? აღარ ვიცი, რა ვაკეთო, სანუგეშოდ ვიწყებ წერას, მაგრამ ჩემი სასოება ემსგავსება ეფემერას. ვარ პიესის პერსონაჟი, ახლა უკვე საწყალობლად სცენის მიღმა მიგდებული, შესაბრალ და საწყალ ობლად. ღმერთმანი, ეს რაღა ხდება? ნუთუ ბნელში სხივი კრთება? ნუთუ გულში მჭკნარი ია ხელმეორედ აყვავდება? ნუთუ გაქრა, გაიცრიცა ფრჩხილი ურჩი და მტარვალი, მარწუხს თავი დავაღწიე, გამინათდა ცა-ცარგვალი). „ახლა გეტყვით, იმედი მაქვს, არ დაიწყებთ ხორხოცს, სიცილს... დამნაშავე მე ვარ მხოლოდ, რომ ვერ მოვრჩი ძილს და ღვიძილს. კვლავ თვითგვემას მივეცემი, მეტი რაღა დამრჩენია, ლექსსაც დასრულების მეტი არაფერი დარჩენია. ბრჭყალებს შორის მოვექეცი, ვერ ვპოულობ გამოსავალს, აღარავინ არ კითხულობს ჩემს ასავალს ან დასავალს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი