არშემდგარი პოლილოგი
- გამარჯობა, როგორა ხარ? - არა მიშავს, ვცოცხლობ, თავად? - სულ მივიწყებ, სად დადიხარ? - დიდი ხანი ვიყავ ავად. - მერე, ახლა მომჯობინდი? თავს როგორ გრძნობ, ისევ ცუდად? - ზოგჯერ თვალებს მეკვრის ბინდი და სამყაროს ვხედავ მრუდად. - ამოხვედით უკვე ყელში შენ და შენი მეტაფორა. - ღამე კოცნის ნაზად დღეს და - ჩემგან შენ ეს ჰიპერბოლაც. - რას დამცინი? მასხრად მიგდებ? ზედმეტები ხომ არ მოგდის? - მე უბრალოდ აზრებს მივსდევ, ვამბობ, რაც კი თავში მომდის. - შენი აზრით, საუბარი რატომ არის უცნაური? - ჩემი აზრით, ყველა პწკარი არის მეტად საცნაური. - რაღაც რიგზე რომ ვერაა, დავიჯერო, სულ ვერ ატყობ? - უცნაური ის მზერაა, რომლითაც შენ ახლა მამკობ... - აქ რა ხდება? თქვენ ვინღა ხართ? მე რა მინდა, ანდაც ვინ ვარ? (აქ მესამე პირი ჩნდება, ვით ქაღალდზე მელნის გმინვა). - გამარჯობა, შენ, უცნობო, აქ რა ქარმა გადმოგაგდო? - სალამს გიძღვნი, ახლა მყისვე მხოლოდ ჩვენ ორს უნდა გვენდო. - ვნახე სიზმრად, ვიღაც წერდა რაღაც ლექსს ან ლექსისმაგვარს - ნეტავ მარად ჩაგვცემს ჩვენი დიალოგი მწარე ლახვარს? - ეს უფროა პოლილოგი, რადგან ჩვენ ვართ სამნი ახლა. - ხომ არა ხართ ფილოლოგი? თქვენს საუბარს რიტმი ახლავს. - არა, დამიფაროს ღმერთმა, მე არ ვიცი სიტყვის ფასი. - ჩანს, ანათებს ჩუმი რითმა, ძალზე ტკბილი, მეტად ნაზი... (ამ ლაპარაკს აყურადებს ვიღაც უცხო, თან მეოთხე, არვის უმხელს გულისნადებს, პოეზიის არს მეხოტბე). - გაიგონეთ, რა თქვეს ამ წამს? ყური უგდეთ, ისმის ჩქამი. - დაგვენახე! გაძლევთ სამ წამს. ვითვლი: ერთი... ორი... სამი... - მომიტევეთ, შეგაშინეთ, არ მინდოდა თქვენი შფოთვა. - ალბათ, თქვენც კი შეამჩნიეთ, საუბარი რომ ჰგავს ბოდვას. - გაგეცნობით, მე ვარ... თუმცა, ეს ხომ თავად მეც არ ვიცი. - უგრძნობლობით, ვინც ამას წერს, თავს დაგვატეხს ხორხოცს, სიცილს. - ანუ ჩვენ აქ არ ვარსებობთ? მე ხომ ვიცნობ ერთ-ერთ თქვენგანს. - ახლა მხოლოდ ის მბრძანებლობს, ვინც დასცინის ყველა ჩვენგანს. - ერთი წუთით... რომელი ვარ? ავირიე, დავიბენი... - „თქვენ ოთხიდან ყველა მე ვარ, თანაც ამ დროს ყოვლის მქმნელი!“ - მეშინია, აღარ მინდა არავისთან საუბარი. - შენ კი არა, მე არ მინდა და საშველიც აღარ არის. - დავიშალოთ, ვეღარ შედგა ჩვენი ტკბილი დიალოგი. (ხმა გაისმა) – „უფრო სწორად, შესაბრალი პოლილოგი“.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი