განხილვა
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, როგორ ბრძანდებით? ადგილი არის და რბილ სკამებზე უკლებლივ ყველა რომ დაბრძანდებით, უმალ დავიწყებთ სჯა-ბაასს, კამათს, ანუ განხილვას მხოლოდ ლირიკის, იმედი მაქვს, რომ არ მიუდგებით განხილვის საგანს მწარე ქილიკით. დღეს განვიხილავთ ჩვენ ლექსთა კრებულს, რომელიც არის დამწყებ პოეტის, მოგეხსენებათ, საჩოთიროა კომენტირება ყველა ტაეპის. გეტყვით იმასაც, თავად ავტორმა რომ არ ისურვა ჩვენთან სტუმრობა, ვგონებ, კიდევ წერს, არ დაიღალა?! მიიღეთ ჩემგან მცირე ხუმრობა. „აი, მე გეტყვით ჩემს აზრებს წიგნზე და შევეცდები აღვწერო ზუსტად მისი არსი და დანიშნულება, არ ჩაიაროს ლაყბობამ უქმად. თვალნათლივია ლექსთა სათქმელი, მის წიაღში ძევს თავისუფლება, ზოგი ნაწერი არის ისეთი, კითხვისას სევდა დაგეუფლება.“ „მე კი არ ვფიქრობ“, - იწყებს მეორე, - „რომ ამ ლექსებში არის სილაღე, როგორც მკითხველმა, რამდენიმეში ამოვიკითხე ცხადი სიყალბე. მშრალი სიტყვები, ჰიპერბოლები და უადგილო, ვითომ ტროპები, იმის თქმა მინდა, ყოველ მათგანში ჩანს ხელოვნური შედარებები.“ „ვერ ვიზიარებ თქვენს შეფასებას“, - აქ კი მესამე იწყებს საუბარს და იხედება ის აქეთ იქით, თითქოს მის ნათქვამს სხვა მხარს აუბამს. მერე აგრძელებს: „ყალბი არაა, ჩემთვის უბრალოდ არის უცნობი, როგორ ახერხებს ყოველ სიტყვაში გატკინოს ანდა იყო უგრძნობი.“ „ჩემი აზრით კი“, - მეოთხე დგება და მზერას ავლებს დარბაზში მყოფებს, აგრძელებს: „არ აქვს რაიმე აზრი შეკოწიწებულ და მდარე სტროფებს. პოეტს უჯობდა, სულ არ ეწერა, არ შეერცხვინა თავი გოდებით, პოეტს კი ვამბობ, მაგრამ, იცოდეთ, სულაც არაა ის ამ წოდების.“ „შემოქმედებას მისას ატყვია, სევდიან თემებს მუდმივად ხატავს, გაბრძოლებაა რომანტიზმში და რომანტიკოსებს უნიჭოდ ბაძავს, ცდილობს, დაწეროს სილამაზეზე ან სიყვარულზე, თუნდაც წვალებით“, - მეხუთე ამბობს, გარშემო მყოფებს დიდაქტიკურით უმზერს თვალებით. მეექვსე დუმს და უბრალოდ ფიქრობს, რა შეუძლია კრებულზე რომ თქვას, მეშვიდე გვერდით მარტოსულად ზის და ყურს არ უგდებს არავის ნათქვამს, მერვე კი ბოდიშს ლუღლუღით იხდის და მყისვე ტოვებს ჩახუთულ დარბაზს, მისი შემყურე, ღიზიანდება მეცხრე და ანთხევს ეგოიზმს და ბრაზს. იქ ბევრი იყო დავიდარაბა და არ აცდიდნენ ერთურთს ლაპარაკს, სიტყვებს ფანტავდნენ ყოველი კუთხით, იმახინჯებდნენ პირის აპარატს. ერთმანეთს მისწვდნენ კინაღამ ხელით, მე ვარ მართალი, შენ არა - მეო, გაიზიარე ჩემი ნათქვამი, დასკვნითი სიტყვაც მე დამითმეო... ამ დროს კი სხვაგან, სწავლულთაგან შორს, ოთახში იჯდა ერთი და წერდა, გარეთ ელავდა, სასტიკად წვიმდა, ცაზე გრუხუნი მკვნესარედ ჟღერდა... ცდილობდა კალმის დაყაბულებას, ამაოდ, თუმცა მძლავრ რუდუნებით: „ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, როგორ ბრძანდებით?..“
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი